27 ივლისი 2024,   04:13
ვრცლად
პუტინის ჯალათის კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი - ვინ არის შვედეთში მცხოვრები ჩეჩენი ეროვნების ოპოზიციონერი, რომელიც რამზან კადიროვის დავალებით მოკლეს

პუტინის ჯალათის კიდევ ერთი სავარაუდო მსხვერპლი - რამზან კადიროვის დავალებით, შვედეთში მცხოვრები ჩეჩენი ეროვნების ოპოზიციონერი მოკლეს. ტუმსო აბდურაჰმანოვს სავარაუდოდ რამდენიმე ქილერმა ერთდროულად საკუთარ სახლთან ესროლა. შემთხვევა შვედეთის ქალაქ ემლეში მოხდა, სადაც აბდურაჰმანოვი პოლიტიკური დევნილის სტატუსით ცხოვრობდა. მკვლელობა წინასწარი ინფორმაციით, სამი დღის წინ 2 დეკემბერს მოხდა, თუმცა დეტალებზე დუმს პოლიციაც და შვედური მედიაც.

ჩეჩენი ბლოგერი პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც ჯერ რუსეთში ყოფნის შემდეგ, ევროპაში ცხოვრების დროს პუტინის მარჯვენა ხელზე რამზან კადიროვზე ფაქტების გამოქვეყნება დაიწყო. ტუმსო აბდურაჰმანოვმა კადიროვი ყველა იმ სისასტიკეში ამხილა, რომელსაც ის კრემლის დავალებით ჩეჩნეთში სჩადიოდა. პოლიტიკური მოწინააღმდეგეების ლიკვიდაცია, განსხვავებული აზრისა და სექსუალური ორიენტაციის ადამიანების დევნა, მოსკოვის პოლიტიკის წინააღმდეგ გამოსვლა - ასეთი მოქალაქეები რამზან კადიროვმა რესპუბლიკიდან უბრალოდ გააქრო, ბევრი მათგანის შესახებ ცნობები კი უბრალოდ გამქრალია. ემიგრაციაში მყოფი ჩეჩნური დიასპორა იმედს იტოვებს, რომ აბდურაჰმანოვი კადიროვის ქილერების ტყვიას გადაურჩა, თუმცა ზუსტი ცნობები ჩეჩენი ბლოგერის შესახებ ამ დრომდე ბურუსით მოცული რჩება.

ბლოგერთან დაკავშირებას უკვე რამდენიმე დღეა ვერ ახერხებენ. აბდურაჰმანოვის სიკვდილს ადასტურებს ანზორ მასხადოვი - უფლებადამცველი და ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტის, ასლან მასხადოვის შვილი.

ბლოგერს, რომელიც წლების განმავლობაში კადიროვის მთავრობის არაერთ დანაშაულზე საუბრობდა, უკვე ემშვიდობებიან "იუთუბის" ოფიციალურ არხზე. მისი ვიდეოს ქვეშ არაერთი სამძიმრის წერილია გამოქვეყნებული.

ტუმსოს გაუჩინარებიდან მალევე გაწყდა კავშირი მის ძმასთანაც, რომელიც შვედეთში უფლებადამცველი ორგანიზაცია "ვაიფონდის" წევრია. აქ "კურიერთან" საუბარში განაცხადეს, რომ მკვლელობის შესახებ ცნობებს სკეპტიკურად უყურებენ და იმედს გამოთქვამენ, რომ აბდურაჰმანოვები სპეცსამსახურებმა გადაარჩინეს და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ორგანიზაცია "ვაიფონდში" ჩვენმა რესპოდენტმა გვთხოვა მისი ვინაობა არ გაგვემხილა.

ტუმსო, იგივე აბუ-სადამ შიშანი კადიროვს მოღალატეს უწოდებდა. მის მხარდამჭერებს კი ლაჩრებად მოიხსენიებდა. ეს მაშინ, როდესაც ჩეჩნეთს ლიდერის მსუბუქი კრიტიკის გამო კადიროველები ადამიანებს სასტიკად სჯიდნენ. 2019 წელს ტუმსოს ჩეჩნეთის რესპუბლიკის პარლამენტის სპიკერი მაგომედ დაუდოვი, ზედმეტსახელად "ლორდი" ღიად დაემუქრა.

ბლოგერის სახლში, შვედეთში მკვლელმა 2020 წელს შეაღწია. ჩაქუჩით შეიარაღებული რუსეთის მოქალაქე ტუმსო აბდურახმანოვმა თავად განაიარაღა, რის შემდეგაც პოლიცია გამოიძახა. პროკურატურა ეჭვობდა, რომ მკვლელობა ჩეჩნეთიდან შეუკვეთეს.

კადიროვთან და მის რეჟიმთან დაპირისპირების გამო ტუმსო აბდურახმანოვმა ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა. პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნით ჯერ საქართველოს, შემდეგ კი პოლონეთს მიმართა. 2018 წელს საცხოვრებლად შვედეთში გადავიდა, სადაც მალევე პოლიტდევნილად აღიარეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები