27 აპრილი 2024,   07:15
ვრცლად
საავტორო უფლებების ასოციაციაში აუდიტი შედის - რატომ იღებენ არტისტები კუთვნილზე ნაკლებ ჰონორარს

ხელოვანები საავტორო უფლებათა ასოციაცია "ჯი-სი-ეის" უპირისპირდებიან. ორგანიზაციას, რომელმაც ავტორების ინტერესები უნდა დაიცვას, კულტურის სფეროს წარმომადგენლები უფლებების იგნორირებაში ადანაშაულებენ. გიგა კობალაძის მიმართ ეს ერთადერთი ბრალდება არ არის. მუსიკოსები "ჯი-სი-ეიში" ფინანსური გაუმჭვირვალობის შესახებაც საუბრობენ და ამბობენ, რომ ჰონორარი, რომელსაც ასოციაცია წლების განმავლობაში გასცემდა, რეალურზე ბევრად ნაკლებია.

"ჯი-სი-ეის" ხელმძღვანელისთვის ხელოვანების კრიტიკა უსაფუძვლოა. გიგა კობალაძე ბრალდებებს უარგუმენტოს უწოდებს და პირად უკმაყოფილებას უკავშირებს.

მმართველობის და ფინანსური გაუმჭვირვალეობის გამო კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილმა "ჯისეისთან" თანამშრომლობა შეწყვიტა. რამდენად დაცულია საავტორო უფლებები საქართველოში და რა დაბრკოლებებს აწყდებიან ხელოვანები - ამ მიზნით კვლევაც მომზადდა. მთავარ პრობლემად კი სწორედ ჰონორარების განაწილება დასახელდა.

ჰონორარების გაცემის პრაქტიკის გარდა "ჯი-სი-ეი" დღეს მონოპოლიასა და ერთპიროვნულ მმართველობაშიც დაადანაშაულეს.

კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიერ გაჟღერებული ბრალდებების პარალელურად საავტორო უფლებების ასოციაციაში აუდიტიც ჩატარდება. მიზანი კი ფინანსების გადამოწმება იქნება.

საავტორო უფლებების დაცვის ნაწილში პრობლემები კანონმდებლობამ უნდა მოაწესრიგოს. კულტურის კომიტეტს მუშაობა დაწყებული აქვს. და სწორედ ამ მიზნით შედგა დღევანდელი შეხვედრაც.

კანონპროექტზე მუშაობის დასრულებას პარლამენტი უახლოეს მომავალში გეგმავს. დეპუტატები ვარაუდობენ, რომ ცვლილებებს საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებენ. 

დღის ამბები