რა კავშირი აქვს ძმები კაკულიების საქმესთან ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას - არაყიშვილის ქუჩაზე მოხდარი თავდასხმის საქმეზე, მორიგი სასამართლო სხდომა გაიმართა. მაშინ, როდესაც პროკურატურის ოქროს მოწმე- ტაქსის მძღოლი ჩვენებას აძლევდა, კაკულიების ადვოკატმა დასვა კითხვა, ხომ არ ჰქონდა მას ინფორმაცია გარდაცვლილი ექსპრემიერის დაკარგული იარაღების შესახებ, ვინაიდან ის ჟვანიების მეზობლად ცხოვრობს. სხდომაზე გაირკვა, რომ კაკულიების დაკავებისას ამოღებული ერთ-ერთი იარაღი ზურაბ ჟვანიაზე იყო გაფორმებული. ქედან გამომდინარე, კითხვები ავტომატურად გაჩნდა მისი შვილის მისამართით, რომელიც კაკულიების ახლო მეგობარია.
გურამ და დათო კაკულიების ადვოკატი მარიამ შათირიშვილი აცხადებს, რომ ერთ-ერთი იარაღი, რომელიც დაკავების დროსაა ამოღებული, ეკუთვნის ზურაბ ჟვანიას.
"ჩხრეკის დროს ამოღებული ერთ-ერთი იარაღი ეკუთვნის აწ გარდაცვლილ ზურაბ ჟვანიას. საქმეზე გამოკითხულები არიან მისი ოჯახის წევრები. ჩვენთვის საინტერესო იყო, როგორ აღმოჩნდა ეს იარაღი საქმეში,"- აცხადებს შათირიშვილი.
საქმის პროკურორი თამარ ყულჯანიშვილი კი აცხადებს, რომ ჟვანიას იარაღის საქმეზე დამატებითი საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.
პროკურატურამ გამოკითხა ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძე. მისი თქმით, ეს იარაღი დაკარგულია 20 წლის წინ.
"20 წლის წინაა დაკარგული ეს იარაღები და გამოძიებას მე უკვე ყველაფერი ვაცნობე და მგონი რომ გაერკვევიან თვითონ ყველაფერში. ბუსა მაშინ ძაან პატარა იყო და გამორიცხულია, რომ მას ვინმესთვის ეჩუქებინა ან მიეცა ეს იარაღი,"- აცხადებს ნინო ქადაგიძე.