ლენტეხის მერის კაბინეტზე თავდასხმისთვის დაკავებულის აღმკვეთის ღონისძიებაზე სასამართლო დღეს კიდევ ერთხელ იმსჯელებს. წინასწარ პატიმრობაში მყოფ მამაკაცს, დამატებითი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდება დაუზუსტდა - ამჯერად მას ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებასთან ერთად საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმასაც ედავებიან.
დაკავებულის მხრიდან შურისძიების ფაქტს უარყოფს ადვოკატი და ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი გია ონიანს საერთოდ არ იცნობს.
"ის აცხადებს, რომ საერთოდ არ იცნობს ლენტეხის მერს. შემთხვევით, იმ დღეს ის იმყოფებოდა მეგობრებთან ერთად ერთ-ერთ სუფრაზე, რასაც მოწმეებიც ადასტურებენ. იარაღი ამოიღეს მისი საცხოვრებელი სახლიდან - საქმის მასალების მიხედვით ასეა, მაგრამ ამბობს, რომ ეს იარაღი არ ეკუთვნის და უდანაშაულოა," - აცხადებს ადვოკატი გიორგი დვალიშვილი.
ინცინდენტი 2 ნოემბერს მოხდა. ლენტეხის მერის კაბინეტის მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან დაახლოებით 10-ჯერ გაისროლეს; გაჩნდა ხანძარი. ინციდენტის დროს არავინ დაშავებულა.