29 აგვისტო 2026,   20:58
ვრცლად
ევროკავშირის ელჩმა და ჯანდაცვის მინისტრმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერეს

ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ და ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერეს. დიპლომატი ადგილზე გაეცნო იმ სამედიცინო ინვენტარს, რომელიც საქართველოს ევროკავშირმა და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ გადასცეს. ელჩის განცხადებით, აღნიშნული მხარდაჭერა კიდევ ერთხელ აჩვენებს ევროკავშირის ძლიერ სოლიდარობას საქართველოს მიმართ.

"ამ ტიპის აღჭურვილობა ქმნის რეალურად საფუძვლებს უსაფრთხო ვაქცინაციის პროგრამისთვის, რაც არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფექციების პრევენციისთვის როგორც ბავშვთა ასაკში, ასევე ნებისმიერი სხვა მიმართულებით იმ პროგრამების ფარგლებში, რასაც ქვეყანა დღეს ახორციელებს," - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მაოდგილემ თამარ გაბუნიამ.

ევროკავშირის ელჩმა, ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრიც დაათვალიერა და ლაბორატორიის მუშაობის სპეციფიკას ადგილზე გაეცნო.

"პანდემიის განმავლობაში ევროკავშირი ევროპის გუნდთან ერთად იყო საქართველოს ძლიერი და საიმედო პარტნიორი. ჩვენ მივაწოდეთ თითქმის 2 მილიონი სამედიცინო მარაგი წინა ხაზში მომუშავე სამედიცინო პერსონალის დასაცავად. ჩვენი მხარდაჭერა მივმართეთ მათთვის, ვისაც ეს ყველაზე ძალიან სჭირდებოდა. ეკონომიკის აღდგენის მიზნით დავიწყეთ ახალი პროგრამები. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მთავრობის მხარდაჭერას, ჯანდაცვის სისტემის განვითარებისა და იმუნიზაციაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით," - აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში პაველ ჰერჩინსკი.

დღის ამბები