საქალაქო სასამართლოში დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესი უნდა გაიმართოს. ადვოკატის შუამდგომლობით დღეს ერთ-ერთი ამერიკელი ექსპერტი - ნევროლოგი გამოიკითხება. სააკაშვილის ინტერესების დამცველის და ოჯახის მთავარი მოთხოვნაა დროულად დასრულდეს განხილვები, რადგან მათი შეფასებით, მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.
ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა პროცესების დაჩქარებაა. მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მიესალმება იმას, რომ სასამართლო პროცესი დღეს ჩაინიშნა.
"სასამართლო პროცესით მე კმაყოფილი დავრჩი, იმიტომ, რომ მივიღეთ ის საჭირო ინფორმაცია. მეც ბევრი რამ არ ვიცოდი და გუშინ გავიგე. გარდა ამისა, ქალბატონი თამარის ჩვენებაც იყო ძალიან კარგი. ადამიანმა სიმართლე ილაპარაკა. როგორც შეეფერება პროფესიონალს. აუცილებელია დაჩქარება, იმიტომ, რომ მისი ჯანმრთელობა ვერ ითმენს. მე ვთხოვ, რომ ყოველდღე ჩატარდეს და დასრულდეს და მივიღოთ ან დადებითი ან უარყოფითი პასუხი. ეს უარყოფითი პასუხიც იქნება პასუხი," - აცხადებს გიული ალასანია.