17 მაისი 2024,   06:06
ვრცლად
დნიპროში, საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 40-მდე გაიზარდა - საოკუპაციო ძალა უკრაინაში ახალ ცოცხალ ძალას აგზავნის

40 დაღუპული , მათ შორის 3 მცირეწლოვანი. დნიპროს საცხოვრებელ კორპუსზე აგრესორის მიერ მიტანილი იერიშის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი გაიზარდა. ქალაქში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს. 40 მშვიდობიანი დაკარგულად ითვლება. სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება 80-მდე ადამიანმა მიიღო, მათგან 14 არასრულწლოვანია.

კრემლისთვის მირთმეულ საშიშ საჩუქარს უწოდებს დნიპროზე მიტანილი იერიშის შესახებ ალექსი არესტოვიჩის განცხადებას დაზარალებული ქალაქის მერი. ბორის ფილატოვი ითხოვს, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი კონტრდაზვერვამ დაკითხოს. არესტოვიჩმა თქვა , რომ რაკეტა, რომელმაც საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი დაანგრია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემამ ჩამოაგდო. თუმცა გენშტაბის ინფორმაციით, ქვეყანას რუსული "იქს 22"-ის ტიპის რაკეტის ჩამოსაგდები საშუალებები არ გააჩნია.

შეკითხვების დასმამდე უკრაინის კონტრდაზვერვა სოლედარის დაკარგვის შესახებ მედიაში გავრცელებულ ცნობებს უარყოფს. ძალოვან უწყებაში ამბობენ, რომ ბრძოლა ქალაქზე კონტროლის დასამყარებლად ამ დრომდე მიმდინარეობს. ანალოგიური ვითარებაა ბახმუტშიც. აქ ღამის განმავლობაში უკრაინელმა სამხედროებმა პოზიციები რამდენიმე მიმართულებით გაიუმჯობესეს.

დიდი დანაკარგის შესავსებად საოკუპაციო ძალა უკრაინაში ახალ ცოცხალ ძალას აგზავნის. პარალელურად, რუსულმა არმიამ ბელარუსთან ერთობლივი საჰაერო წვრთნები დაიწყო. მინსკის ინფორმაციით, სწავლება, რომელიც პირველ თებერვლამდე გაგრძელდება მოიცავს მომზადებას საჰაერო დაზვერვისთვის, მნიშვნელოვანი ობიექტების დაცვას და კომუნიკაციის ელემენტებს. სამხედრო ანალიტიკოსების არ გამორიცხავენ, რომ წვრთნების დასრულების შემდეგ ბელარუსიდან კიევზე მასშტაბური იერიში განხორციელდეს.

დღის ამბები