20 აპრილი 2024,   15:52
ვრცლად
თაღლითური სქემა, რომლის სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობა 50-ს შეადგენს - რას ყვებიან დაზარალებულები"კურიერთან"

ექიმი ლაზეროთერაპევტი ამბობს, რომ თაღლითობის მსხვერპლია. ნუგეშა შურღაია "კურიერთან" ყვება, რომ აგვისტოს თვეში ეპილაციის აპარატის შესაძენად კონკრეტულ პირს მიმართა და 20000 ლარი გადაუხადა. ხელშეკრულების მიხედვით, მომხმარებელს სამედიცინო ინვენტარი 30 სამუშაო დღეში უნდა ჩაბარებოდა, თუმცა როგორც სპეციალისტი ამბობს, ამ დრომდე შეკვეთილი ნივთი არ მიუღია და არც თანხა დაბრუნებია. ქალი იძულებული გახდა სამართლებრივი ნაბიჯები გადაედგა, ქუთაისიდან თბილისში ჩამოვიდა და პოლიციაში განცხადება დაწერა.

თაღლითობის სავარაუდო მსხვერპლთა რაოდენობა 50-ს შეადგენს. მათ საერთო "ჩათი" აქვთ. ყველა მათგანი ესთეტიკური და სილამაზის ცენტრების წარმომადგენლები არიან. შეკვეთილი ინვენტარი მრავალფეროვანია, თუმცა ისტორია ყველას ერთნაირი აქვს.

"კურიერთან" საჯაროდ ასახელებენ პირს, რომელიც მათი თქმით, ონლაინ მაღაზიის მფლობელია და სამედიცინო ინვენტარის შეკვეთებზე მუშაობს. ის მარიამ ორჯონიკიძეა. ქალი გამომწერებს ძირითადად სოციალური ქსელების მეშვეობით ეკონტაქტება. მომხმარებლებთან ფინანსური დავა უკვე თვეებია გრძელდება.

უკმაყოფილო მომხმარებლებს შორის არის ლელა მიქაძეც. ის თბილისში მდებარე ერთ-ერთ პრესტიჟულ სილამაზის სალონში მუშაობს. ექიმმა დერმატოლოგი ყვება, რომ სახის გასაწმენდი მოწყობილობა მარიამ ორჯონიკიძეს ზაფხულში შეუკვეთა. ქალი ამბობს რომ ყველა მცდელობა თანხა უკან დაებრუნებინა, უშედეგოდ დასრულდა.

ონლაინ მაღაზიის მფლობელთან პრეტენზიები მხოლოდ დედაქალაქში არ აქვთ. დაზარალებულები არიან რეგიონებშიც. ლიკა მარგველაშვილს სამედიცინო აპარატი მარიამ ორჯონიკიძისთვის არ შეუკვეთავს, ამჯერად ორჯონიკიძემ შეიძინა მისგან ცხიმის დამშლელი მოწყობილობა. ესთეტიკური ცენტრის წარმომადგენლის თქმით, ნაწილი თანხის ჩარიცხა თუმცა საფასური უკვე თვეებია სრულად არ აუნაზღაურებია.

მარიამ ორჯონიკიძემ, ბრალდებების ადრესატმა ისურვა რომ ესთეტიკური და სილამაზის ცენტრების წარმომადგენლებისთვის საჯაროდ ეპასუხა. ონლაინ მაღაზიის მფლობელი არ უარყოფს, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები დაარღვია, თუმცა ამას იმით ხსნის რომ იყო პანდემია და არის მეზობელ ქვეყანაში ომი. ორჯონიკიძე ამბობს რომ ყველა პირს უახლოეს მომავალში თანხას დაუბრუნებს, თუმცა კონკრეტულ ვადებს არ ასახელებს.

თაღლითობის სავარაუდო მსხვერპლების განცხადების საფუძველზე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება თაღლითობის მუხლით დაიწყო, სამართალდამცველები უახლოეს დღეებში მარიამ ორჯონიკიძეს გამოკითხავენ.

დღის ამბები