23 ნოემბერი 2026,   15:27
ვრცლად
სუროგაციის მაქსიმალური კომერციალიზაცია მოხდა და არის ძალიან სერიოზული რისკები, რომელიც დაკავშირებულია ეთიკურ რისკებთან, ადამიანთა ვაჭრობასთან, ტრეფიკინგთან, ქალთა ექსპლუატაციასთან და ბავშვთა უფლებების დარღვევასთან - ლევან მაჭავარიანი

საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი მადლობას უხდის მმართველ გუნდს იმ ინიციატივისთვის, რომელიც სუროგაციის აკრძალვას შეეხება. შიო მესამემ განცხადება ცოტა ხნის წინ ბოდბის დედათა მონასტერში ქადაგების დასრულების შემდეგ გააკეთა.

სასულიერო პირები დადებითად აფასებენ, რომ საქართველოც შეუერთდება იმ ქვეყნების სიას, სადაც სუროგაცია აკრძალულია.

ხელისუფლებას საპატრიარქოსთან ამ საკითხზე აქტიური კომუნიკაცია აქვს. კანონპროექტი პარლამენტში უახლოეს მომავალში დარეგისტრირდება.

სუროგაციის აკრძალვის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების საფუძვლად მმართველი გუნდი ეთიკურ და სამართლებრივ რისკებს ასახელებს.

"მოხდა ამ მიმართულების მაქსიმალური კომერციალიზაცია და არის ძალიან სერიოზული რისკები, რომელიც დაკავშირებულია, ერთი მხრივ, ეთიკურ რისკებთან, მეორე მხრივ, ადამიანთა ვაჭრობასთან, ტრეფიკინგთან, ქალთა ექსპლუატაციასთან, ბავშვთა უფლებების დარღვევასთან და ძალიან სერიოზული რისკებია ეს ყველაფერი. გვქონდა ინტენსიური კომუნიკაცია და კონსულტაციები საპატრიარქოსთანაც და, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს მიმართულება საქართველოში აიკრძალოს.

ძირითადად, პოსტსაბჭოთა კავშირის ქვეყნებშია დარჩენილი ეს პრაქტიკა, ევროპის ფაქტობრივად ყველა ქვეყანაში, აბსოლუტურ უმრავლესობაში, ეს აკრძალულია და, პრაქტიკის მიხედვითაც, ლოგიკურია, რომ ეს მიმართულება არ არსებობდეს საქართველოში", - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

ინიციატივის ავტორები განმარტავენ, რომ აკრძალვა შეეხება მხოლოდ სუროგაციას და არა ინვიტრო განაყოფიერებას.

დღის ამბები