გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ბოდბის დედათა მონასტრის წმინდა ნინოს სახელობის საკათედრო ტაძარში, საღმრთო ლიტურგია კათალიკოს-პატრიარქმა აღავლინა.
ღვთისმსახურებას ბოდბეში, სასულიერო პირებთან და მრევლთან ერთად, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ქადაგების შემდეგ, პატრიარქმა პანაღია გადასცა ბოდბელ მთავარეპისკოპოსს, მეუფე იაკობს. შიო მესამემ დააჯილდოვა სხვა სასულიერო პირებიც.
ლიტურგიის შემდეგ, პრეზიდენტმა, პრემიერმა და პარლამენტის თავმჯდომარემ ეკლესიაში შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართეს.
პარლამენტის თავმჯდომარემ მრევლს გიორგობის დღესასწაული მიულოცა. შალვა პაპუაშვილმა გაიხსენა ილია მეორის სიტყვები: ეშმაკი ყოფს, ღმერთი აერთიანებს.
"დღეს განსაკუთრებული დღეა - გიორგობას აღვნიშნავთ ისეთ ადგილას, სადაც განისვენებს მოციქულთა სწორი - წმინდა ნინო, ქართველი ერის განმანათლებელი, ქართული სახელმწიფოს ქრისტიანობაზე მომქცევი. როგორც ითქვა, წელს მთელი ერი აღვნიშნავთ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1 700 წლის იუბილეს. ამ წლის განმავლობაში, ჩატარდა ბევრი ღონისძიება, ჩვენც გახლდით ბევრ ეპარქიაში, მოვილოცეთ იქაური სიწმინდეები და ყველგან ვნახეთ მტკიცე ეკლესია, სარწმუნოებაში განმტკიცებული ხალხი, საზოგადოება და ის ერთობა, რომელიც წლევანდელ წელს გამოარჩევდა.
ერთობა ჩვენი წმინდა პატრიარქის განსაკუთრებული სალოცავი და საზრუნავი იყო და ის დღეები, როდესაც ჩვენ ყველა ვემშვიდობებოდით ჩვენს პატრიარქს, იყო ბეჭდის დასმა ქართველი ერის ერთობისა - ქრისტეს ეკლესიაში ქართველი ხალხის ერთობისა. ამ ერთობის ნაწილია საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა, ის სინერგია ამ ორ საწყისს, ამ ორ საყრდენს უნდა ახასიათებდეს და რომლისთვისაც იღვაწა ილია მეორემ. არ იყო დაწერილი რანაირად უნდა მოქცეულიყო ერი თუ ბერი იმისთვის, რომ ეს სინერგია შემდგარიყო, ეს ყველაფერი ილია მეორემ თავისი ქცევით, თავისი ბრძნული გადაწყვეტილებებით გვაჩვენა და ყველა რთული პერიოდი ჩვენი საზოგადოების ცხოვრებისა ბრძნულად გამოგვატარა.
დღეს უფრო იოლია ამ გზის გავლა, ვინაიდან ჩვენ გვაქვს ილია მეორის მაგალითი, საჭიროა უბრალოდ დავფიქრდეთ, როგორ მოიქცეოდა ილია მეორე ამა თუ იმ ვითარებაში, მითუმეტეს, რომ მას ეს ყველა ვითარება გამოვლილი აქვს. როგორ მოიქცეოდა ის თავად, როგორც ბერის წარმომადგენელი და როგორი მოლოდინი ექნებოდა მას ჩვენ მიმართ, როგორც ერის წარმომადგენლებს, საჭიროა, უბრალოდ დავფიქრდეთ და მივბაძოთ, სხვას თუ ვერაფერს შევძლებთ.
ჩვენ წმინდა გიორგის დღესასწაულს განსაკუთრებულად აღვნიშნავთ საქართველოში, ვინაიდან წმინდა გიორგი ეს იყო მებრძოლი მხედარი, ქრისტესთვის თავდადებული წმინდანი. ჩვენთვის წმინდა გიორგი იყო ყოველთვის ის წმინდანი, რომელსაც მივმართავდით ყოველ ბრძოლაში, ხილულსა თუ უხილავ ბრძოლაში ჩვენი თანადგომისთვის და იყო ის, ვინც ჩვენს ერთობას ამტკიცებდა.
ჩვენი პატრიარქი ილია მეორე ასევე ხშირად ამბობდა, ეშმაკი ყოფს, ღმერთი - აერთიანებს და ეს არის ჩვენი მთავარი ანდერძი, რომელიც მან დაგვიტოვა, ჩვენი ერთობა, ჩვენი ერის ორი საყრდენის - საქართველოს ეკლესიის და სახელმწიფოს ერთობა ამ ორი საყრდენის სიძლიერეში და სიმტკიცეში და გაზიარებულ პასუხისმგებლობაში არის ჩვენი ერის წარსულის გახსენება, ჩვენი აწმყოს გააზრება და ჩვენი ერის მომავლის იმედი.
ყველას კიდევ ერთხელ გილოცავთ გიორგობას. წმინდა გიორგის მადლი გვფარავდეს. მისი რწმენა ამტკიცებდეს ჩვენს რწმენას და აძლიერებდეს ჩვენს ერთობას", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.