შეწყალების თხოვნის საფუძველზე გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილის განცხადებას, რომლის თქმითაც, მას პრეზიდენტისთვის შეწყალების მოთხოვნით არ მიუმართავს, მმართველ გუნდში აფასებენ.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ჯავახიშვილი იაზრებს, რომ შესაძლოა, საზოგადოების გარკვეული ნაწილის მხრიდან ბულინგის ობიექტი გახდეს და ტყუილით ცდილობს კრიტიკის თავიდან აცილებას.
"ეს არის ტყუილი, მან მიმართა პრეზიდენტს შეწყალებით, სხვანაირად ეს პროცესი ვერც ვითარდება, თუ პრეზიდენტს არ აქვს კონკრეტული მიმართვა.
ეს ადამიანი იქიდან გამომდინარე საუბრობს, რომ მისი ე.წ. თანამებრძოლები რეალურად ფაშისტები არიან. კარგად იცის, თუ როგორ დააბულინგებენ, როგორი ფაშისტური მეთოდებით მიუდგებიან მას და, შესაბამისად, ცდილობს, რომ ეს ყველაფერი თავიდან აირიდოს", - განაცხადა ლევან მაჭავარიანმა.
ცნობისთვის, შეწყალების თხოვნის საფუძველზე გათავისუფლებული ნიკოლოზ ჯავახიშვილი მედიასთან ამტკიცებს, რომ შეწყალების თხოვნით პრეზიდენტისთვის არ მიუმართავს.
"კურიერმა" მოიპოვა ჯავახიშვილის ის განცხადებები, რომლითაც პატიმარი პენიტენციური სისტემის მერვე დაწესებულების დირექტორს მიმართავს და პრეზიდენტის შეწყალების კომისიაში მისი განცხადების გადაგზავნას სთხოვს. მეორე განცხადება კი თავად პატიმარ ჯავახიშვილის თხოვნას ეხება, შეწყალების თაობაზე.