19 აპრილი 2024,   15:44
ვრცლად
აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება - რას ითვალისწინებს რეფორმა და რა უნდა იცოდნენ მძღოლებმა

აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება. პროექტის პრეზენტაცია დღეს დედაქალაქის მერმა გამართა. A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვა, რომელიც აქამდე ერთწლიანი იყო, უვადო გახდება. ასევე, შეიქმნება A კატეგორიის ტაქსის მართვის ნებართვის ბაზარი, სადაც ნებართვით ვაჭრობა იქნება შესაძლებელი, თეთრი ფერის ტაქსის მანქანებს, 1-ელი აპრილიდან ავტობუსის ზოლში გადასვლა და მგზავრების აყვანა-ჩამოსმა შეეძლებათ. მუნიციპალიტეტი 1 აპრილს ახალი სისტემით გათვალისწინებულ A კატეგორიის ნებართვებს გადასცემს ყველა ფიზიკურ პირს, რომელიც 2019 წლის 1 ოქტომბრიდან 2023 წლის 20 მარტამდე, ნებისმიერ პერიოდში, ერთხელ მაინც ფლობდა ან აიღებს A კატეგორიის ნებართვას.

ნებართვა მიიღება მხოლოდ შეძენის ან იჯარის უფლებით იმ პირისგან, რომელიც საკუთრებაში ფლობს A კატეგორიის ნებართვას. საფასური უცვლელია და დაანგარიშდება დღიურად. რეფორმა არ ითვალისწინებს ტაქსებისთვის რაიმე გადასახადის დაწესებას.

"ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მნიშვნელოვანი კომპონენტი გახლავთ ტაქსების მიმართულება. იყო პოლიტიკური სპეკუალაციები, რომ უშუალოდ ტაქსის მძღოლები შეეყვანათ შეცდომაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაწარმოეთ ძალიან აქტიური კამპანია და საზოგადოებას დავანახეთ თუ რისი გაკეტება გვინდა,"- აცხადებს თბილისის მერი კახა კალაძე. 

საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი კი აცხადებს, რომ  ერთი თვის ფარგლებში აქვთ საშუალება მსურველებს აიღონ ამ ტიპის ნებართვა, რომელიც იქნება ფასიანი ქაღალდი:

"დაახლოებით ერთი თვის ფარგლებში აქვთ საშუალება მსურველებს აიღონ ამ ტიპის ნებართვა, რომელიც იქნება ფასიანი ქაღალდი და ძალიან დაფასდება მისი მფლობელობა მომავალში, არა მხოლოდ ტაქსის მძღოლებს არამედ შეუძლიათ სხვა პირებსაც ისარგებლონ ამით.  ასეთ შემთხვევაში, რადგან ლიმიტირებული  ნებართვები იქნება და არა გაიცემა  კატეგორია შეიძლება წარმოვიდგინოთ, რომ ის ადამიანები, ის პირები ვინც ამით ისარგებლებს, თუ არ ექნათ გარკვეული პირობები ხარისხის ნაწილში დაწესებული, შესაძლოა ხარისხი გაგვექცეს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შემდეგ ეტაპზე იყოს გათვლილი მომსახურების ხარისხის აწევაზე,"-აცხადებს საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი.

დღის ამბები