24 აპრილი 2024,   13:41
ვრცლად
ფრონტზე ვითარება ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით დონეცკის ოლქში, მადლობას გადავუხდი ყველა ჩვენს ჯარისკაცს-ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინაში, ოკუპანტები შეტევით მოქმედებებს არ წყვეტენ. აგრესორის სამიზნე მშვიდობიანი მოსახლეობა და კრიტიკულად მნიშვნელოვანი ობიექტებია.

ფრონტის ხაზზე რომ მდგომარეობა მძიმეა, ეს კიდევ ერთხელ დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტმა.

უკრაინული მხარის ინფორმაციით აგრესორმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. რუსი ჯარისკაცების რაოდენობა იზრდება მარიუპოლში.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფრონტზე ვითარება დამძიმდა. 

"ფრონტზე ვითარება ძალიან მძიმეა, განსაკუთრებით დონეცკის ოლქში. მადლობას გადავუხდი ყველა ჩვენს ჯარისკაცს, ვინც უძლებს ოკუპანტების მძიმე ზეწოლას, რომლებიც ასრულებენ ჩვენი პოზიციების დაცვის ამოცანას და ვისაც, თუნდაც ისეთ რთულ პირობებში, როგორიც ახლა ფრონტის ხაზზეა, უკრაინისთვის სასიხარულო ამბები მოაქვს.

მადლობა ყველას, ვინც იბრძვის უკრაინისთვის! მადლობა ყველას, ვინც გვეხმარება ოკუპანტისგან თავის დაცვაში! მადლობა ყველას, ვინც აძლიერებს ჩვენს საერთაშორისო პოზიციებს და ეხმარება უკრაინას იარაღის მოპოვებაში! ვესაუბრე პოლონეთის თავდაცვის მინისტრს . ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ჩვენმა ჯარისკაცებმა რაც შეიძლება მალე მიიღონ თანამედროვე ტანკები.შეერთებულმა შტატებმა კი ჩვენი ქვეყნის თავდაცვის მხარდაჭერის კიდევ ერთი დიდი პაკეტი გამოაცხადა. მადლობა პრეზიდენტ ბაიდენს, თავისუფლების ყველა მეგობარს კონგრესში და თითოეულ ამერიკელს ამ ხელშესახები მხარდაჭერისთვის! ახლა ჩვენ ერთად უნდა ვიმუშაოთ, რომ ეს დახმარება უკრაინას რაც შეიძლება სწრაფად მიეწოდოს,"- აცხადებს ზელენსკი. 

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი ოლექსანდრ სტუპუნი აცხადებს, რომ უკრაინაში 90-ზე მეტი საჰაერო იერიში მიიტანეს. 

"გასული დღის განმავლობაში მტერმა 20 საჰაერო და 3 სარაკეტო დარტყმა განახორციელა ხარკოვისა და მიკოლაივის ოლქების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მშვიდობიანი მოსახლეობაში არის მსხვერპლი. განხორციელდა 90-ზე მეტი შეტევა სარაკეტო ზალპური სისტემებიდან. მტერი შეტევით ოპერაციებს განაგრძობს ლიმანის, ბახმუტის, ავდივისა და ნოვოპავლივის მიმართულებებით და მძიმე დანაკარგებს განიცდის. გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების ნაწილებმა მოიგერიეს ოკუპანტების თავდასხმები ლუგანსკისა და დონეცკის ოლქების დასახლებებში. ზაპოროჟიასა და ხერსონის მიმართულებით დაზარალდა 24 დასახლებული პუნქტი. მტერმა დროებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყო. გასული დღის განმავლობაში თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა 8 დარტყმა მიაყენეს ოკუპანტების კონცენტრაციის უბნებს. განადგურდა მტრის 4 უპილოტო საფრენი აპარატი „ორლან-10". ჩვენი რაკეტები მოხვდა საკონტროლო პუნქტსა და მტრის ცოცხალი ძალის კონცენტრაციის 2 უბანს,"- სტუპუნი. 

დღის ამბები