01 მაისი 2024,   05:50
ვრცლად
თბილისში, ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფნის მთავრობათაშორისი კომისიის ყოველწლიური, რიგით მე-16-ე სხდომა მიმდინარეობს

თბილისში საერთაშორისო სატრანსპორტო პროგრამის TRACECA (ევროპა - კავკასია - აზიის სატრანსპორტო დერეფნის) მთავრობათაშორისი კომისიის (IGC) ყოველწლიური რიგით მე-16-ე სხდომა გაიხსნა.

წლევანდელი მაღალი დონის ღონისძიება საიუბილეოა და ის TRACECA - ს შექმნიდან 30 - ე წლისთავსა და “ევროპა-კავკასია-აზიის დერეფნის განვითარების საერთაშორისო ტრანსპორტის შესახებ“ მრავალმხრივი შეთანხმების (MLA) ხელმოწერის 25 წლის იუბილეს ეძღვნება.

სხდომის ფარგლებში განიხილება ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა მულტიმოდალური და საზღვაო ტრანსპორტის განვითარება, საზღვრის გადაკვეთის პროცედურების ხელშეწყობა და ტრასეკას დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებული სხვა აქტუალური მიმართულებები. ასევე გათვალისწინებულია ინსტიტუციურ განვითარებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა.

სხდომის ფარგლებში, სხდომის მონაწილე ქვეყნების დელეგაციები განიხილავენ 2021 წელს საერთაშორისო საგზაო ტრანსპორტის ტრასეკას სანებართვო სისტემის დანერგვის შედეგებს, ხელშეკრულების მხარეების მიერ მთავრობათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებების განხორციელების სტატუსს, ინფორმაციას საერთაშორისო ხელშეკრულებებში ჩართვის შესახებ და, აგრეთვე, ანგარიშს ტრასეკას მთავრობათაშორისი კომისიის 2018-2021 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომლის მიზანია 2016-2026 წლებში ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარებისათვის სტრატეგიის განხორციელება.

მთავრობათაშორისი კომისიის სხდომის პროგრამა ასევე ითვალისწინებს ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმებას მუდმივ სამდივნოებსა და ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებისათვის, ზღვაზე გაუსვლელი ქვეყნებისა და მცირე კუნძულის განვითარებად ქვეყნებისათვის გაეროს უმაღლეს წარმომადგენლის ოფისს შორის.

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს ის ფაქტი, რომ თურქმენეთი მზადაა მიუერთდეს ევროპა-კავკასია-აზიის სატრანსპორტო დერეფანის (ტრასეკას) ძირითად მრავალმხრივ შეთანხმებას.

მთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე დაგეგმილია ტრასეკას დერეფნის მულტიმოდალური ტრანსპორტის განვითარების დოკუმენტისა და სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომის შემაჯამებელი რეზოლუციის მიღება.

 აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 თებერვლიდან ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის თავმჯდომარე ქვეყანა 2 წლით საქართველო იქნება.

ტრასეკას სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომაში მონაწილეობენ ძირითადი მრავალმხრივი შეთანხმების მხარეების ოფიციალური წარმომადგენლები, ტრასეკას ეროვნული მდივნები - სამთავრობათაშორისო კომისიის დამკვირვებლები ქვეყნები, ტრასეკას პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები.

"დღეიდან ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ვაბარებთ ქართულ მხარეს. დღის წესრიგში გვაქვს სისტემური და ინსტიტუციური ზომების განხილვა, გადაზიდვების კუთხით ტრასეკას მარშრუტის განსავითარებლად.

ჩვენი პლატფორმა გვეხმარება ერთიანი საკანონმდებლო საფუძვლის შექმნაში, იმ მიზნით, რომ ერთის მხრივ, თავიდან ავირიდოთ საზღვრის კვეთის პრობლემები, მეორეს მხრივ კი საერთო სატრანსპორტო გარემო შევქმნათ. ტრასეკას დერეფანი დღევანდელ გეოპოლიტიკურ ვითარებაში უპირატესობას იძენს. ფოკუსირებულები ვართ იმაზეც, რომ ჩვენი დერეფანი იყოს მიმზიდველი ტარიფებითაც, კერძოდ, კონტეინერების გადაზიდვები ახლა ტრენდულია, ამიტომ პირველ რიგში, ამ მიმართულებით ერთიან მიდგომებზე ვიმუშავებთ, რადგან დღეისათვის ქვეყნები ამ მხრივ ინდივიდუალურ მიდგომებს ინარჩუნებენ. ჰარმონიზება და დაახლოვება ჩვენი პრიორიტეტია,"-  აცხადებს ასეტ ასავაბაევი. 

რკინიგზათაშორის თანამშრომლობის ორგანიზაციის კომიტეტის თავმჯდომარის მოროსლავ ანტონოვიჩის თქმით, რომ ტრასეკას პროგრამა ოპტიმალურია სატრანსპორტო გზების ძიების კუთხით.

"მე ძალიან მოხარული ვარ, თვალი ვადევნო ტრასეკას პროგრამის განვითარებას, რომელიც ოპტიმალური სატრანსპორტო გზების ძიების კუთხით მყარი პლატფორმა გახდა ჩვენი ქვეყნებისთვის, მათი განვითარებისა და დაახლოებისთვის. ამის ნათელი მაგალითია ტრასეკას მთავრობათაშორისი კომისიის დღევანდელი სხდომა, ასე ბევრი ქვეყნის წარმომადგენლების და პარტნიორების მონაწილეობით.

ქვეყნების ეკონომიკების, მათი უსაფრთხოების განვითარება სარკინიგზო ტრანსპორტის გაუმჯობესების საშუალებით - ეს ჩვენი პრიორიტეტია რკინიგზათა შორის თანამშრომლობის ორგანიზაციის ჩარჩოებში. ამ მიზნის რეალიზება ხდება ასევე ჩვენი პარტნიორების მცდელობებითა და მიღწევებით ტრასეკას ფარგლებში - მათ შორის უზარმაზარი მნიშვნელობის და პოტენციალის მქონეს შავი ზღვის, კასპიის ზღვის და აზიის რეგიონებში.

თანამედროვე მსოფლიოს გამოწვევები ჩვენ გვაყენებს აუცილებლობის წინაშე, ვეძებოთ ახალი იდეები და ალტერნატიული გადაწყვეტილებები ყველას სასიკეთოდ - დინამიურად ცვლადი გეოპოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით. მჯერა, რომ დიალოგის გზით და ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ წარმატების მიღწევას და ამით ხელს შევუწყობთ მსოფლიო კონფლიქტების გადაჭრას და ეკონომიკური და სოციალური კრიზისების შემსუბუქებას,"- აცხადებს ანტონოვიჩი.

დღის ამბები