27 ივლისი 2024,   04:24
ვრცლად
ეკონომიკის სამინისტრო სამართლიანი ვაჭრობის შესახებ კანონპროექტს უკვე ამზადებს - მოქალაქეები "კურიერთან" პირველადი მოხმარების პროდუქტების მაღალ ფასებზე საუბრობენ

მოქალაქეები "კურიერის" კამერასთან პირველადი მოხმარების პროდუქტების მაღალ ფასებზე საუბრობენ. ამბობენ, რომ სურსათზე რეალობას აცდენილი ღირებულება მათ ეკონომიურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახა.

მაღაზიათა ქსელებში, სადაც სურსათზე 70 და ზოგ შემთხვევაში 100 პროცენტიანი ფასნამატები ფიქსირდება, მედიასთან კომენტარს არ აკეთებენ. პროდუქტის მაღალ ფასებზე "რითეილ ასოციაციის" აღმასრულებელი დირექტორი საუბრობს. სოფიო ქაშაკაშვილი ამბობს, რომ ჯერჯერობით მათთვის უცნობია, როგორ დახვეწავს და რა დირექტივებს გამოიყენებს ეკონომიკის სამინისტრო ახალ კანონში. საცალო ვაჭრობის წარმომადგენლებს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან და კონკურენციის სააგენტოსთან შეხვედრა უკვე ჰქონდათ.

ოფიციალური ინფორმაციით, ბოლო წლებში პირველადი მოხმარების პროდუქტებზე ფასნამატი რამდენჯერმე გაიზარდა. სურსათის ფასებთან დაკავშირებული ვითარება დღეს ასეთია:

1. უკან დაბრუნებული თანხა გაყიდულ პროდუქციაზე, რომელსაც მსხვილი ქსელური მაღაზიები მიმწოდებლებისგან იბრუნებენ 11%-დან 16%-მდეა

2. მიმწოდებელი რითეილს უხდის გარკვეული პერიოდის განმავლობაში დაფიქსირებული ბრუნვის პროცენტს, რომელიც 2%-დან 4%-ის ფარგლებშია

3. ამას ემატება სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობებისთვის გაწეული დანახარჯები

4. ყველა პროდუქციაზე საცალო მოვაჭრეს აქვს თავისი ფასნამატი პროდუქტების მიხედვით 10%-დან 25%-მდე.

კონკურენციის სააგენტომ უკვე შეისწავლა ბაზარზე არსებული კონკრეტული პროდუქტების ჩამონათვალი. უწყებაში განმარტავენ, რომ მათი მიზანია იმპორტიდან - სასურსათო დახლამდე ფასები, კონკურენტუნარიანი გახდეს.

პრემიერის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო უკვე ამზადებს კანონპროექტს სამართლიანი ვაჭრობის შესახებ. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ რომ ინიციატივას მათი მხარდაჭერა ექნება. მათივე განმარტებით, მაღალი ეკონომიკური ზრდა, თითოეულ მოქალაქეზე უნდა აისახოს. პროდუქტებზე ფასების შემცირების აუცილებლობაზე საუბრობენ ოპოზიციაშიც, თუმცა კითხვები აქვთ კანონპროექტის შინაარსთან დაკავშირებით.

პროდუქტებზე ფასების შესწავლის და შემცირების საკითხზე პრემიერ-მინისტრმა სპეციალური სამთავრობო ჯგუფის შექმნის განკარგულება უკვე გასცა. მთავრობის სხდომაზე კი ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა რომ არაგონივრული ღირებულების შემცირება აუცილებელია, ამისთვის ეკონომიკის სამინისტრო მოამზადებს კანონპროექტს, ევროდირექტივას სამართლიანი ვაჭრობის შესახებ.

 

დღის ამბები