27 აპრილი 2024,   13:01
ვრცლად
სავარაუდო ძალადობის ნიშნები მცირეწლოვნის სხეულზე - საიდან გაჩნდა სასტიკი დამწვრობისა და სისხლჩაქცევის არაერთი კვალი 

გურჯაანის ერთ-ერთ კლინიკაში 2 წლის ბავშვი სხეულზე დაზიანებებით შეიყვანეს. მცირეწლოვანზე, სავარაუდოდ, ოჯახის წევრები ძალადობდნენ. ორი წლის ბავშვის სხეულზე არსებული დაზიანებები, შესაძლოა, სიგარეტის ნამწვის კვალი იყოს. ხელები, მუცელი, სახე და ფეხები - ფოტო, სადაც სავარაუდო დანაშაულის უმძიმესი კვალი ჩანს, მცირეწლოვან გოგონას გადაუღეს. ოჯახური ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი ერთ-ერთი რეგიონის კლინიკაში დღის პირველ ნახევარში მოათავსეს.

შესაძლო სასტიკი მოპყრობის ფაქტი სამართალდამცავებს ბებიამ შეატყობინა. ეს მას შემდეგ, რაც მცირეწლოვანის სხეულზე არსებულ მრავლობით დაზიანებას ახსნა ვერ მოუძებნა, თავად ბავშვი კი, მუცლის მძიმე ტკივილზე მიუთითებდა. ქალი ამტკიცებს, რომ მის შვილიშვილზე დედას არაერთხელ უძალადია.

"კურიერი" დღეს იმ სოფელში ჩავიდა, სადაც ბავშვი დედასთან ერთად ცხოვრობდა. ადგილობრივები მომხდარზე ბევრს არაფერს ჰყვებიან, თუმცა გაირკვა, რომ მშობლის მხრიდან შვილზე ძალადობის შესახებ იცოდნენ. ზოგმა ისიც თქვა, რომ ბავშვმა სხეულის სხვადასხვა ადგილი შეშის ღუმელზე დაიწვა. თავად დაშავებული გოგონას მშობლები ახლა პოლიციაში არიან და გამოძიების შეკითხვებს პასუხობენ.

ბავშვის მდგომარეობის სირთულიდან გამომდინარე, ორი წლის გოგონას თბილისში გადმოყვანა გახდა საჭირო.

გოგონას მკურნალობის პარალელურად, სამედიცინო ექსპერტიზაც ჩაუტარდება. გამოძიებამ კი, მთავარ კითხვას უნდა გასცეს პასუხი, ძალადობდნენ თუ არა ოჯახში მცირეწლოვან ბავშვზე და საიდან გაჩნდა ბავშვის სხეულზე სასტიკი დამწვრობისა და სისხლჩაქცევის არაერთი კვალი.

დღის ამბები