23 დეკემბერი 2024,   18:18
ვრცლად
"უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტი რუსული კანონია, მიზნად ისახავს განსხვავებული შეხედულებების გაჩუმებას - კელი დეგნანი

საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა "უცხოური გავლენის აგენტების" კანონპროექტის შესახებ კომენტარი გააკეთა. მან "ხალხის ძალის" პროექტს რუსული კანონი უწოდა. კელი დეგნანის თქმით,  ეს კანონპროექტი მიზნად ისახავს განსხვავებული შეხედულებების გაჩუმებას.

"USAID-ის მაგალითზე, ყოველი სამი თვის განმავლობაში დეტალური ანგარიში წარედგინება პარლამენტს, შემდგომ პარტნიორებიც დეტალურ ანგარიშს, ფინანსურს თუ სხვაგვარს, წარუდგენენ საგადასახადო სამსახურს და შესაბამისად, გამჭვირვალობის კუთხით ნამდვილად არ არის პრობლემა. ეს ინფორმაცია ხელმისაწვდომია სხვადასხვა წყაროების მეშვეობით, სხვადასხვა ვებსაიტებზე, თუ ვინმეს აინტერესებს.

ეს კანონი ასევე არ არის აშშ-ის კანონის შესახებ. აშშ-ის კანონი გამიზნულია ლობისტებზე და იურიდიულ ფირმებზე, რომლებიც დაქირავებულია უცხოური მთავრობების მიერ, რათა ამ უცხოური მთავრობების ინტერესები წარადგინონ. ეს არაა ის, რის შესახებაც არის ეს კანონპროექტი.

ეს კანონპროექტი რუსული კანონია. ეს კანონპროექტი მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებაზე დაღის დასმას, მიზნად ისახავს განსხვავებული შეხედულებების გაჩუმებას.

ეს კანონი გააჩერებს ქართველებს, რომლებიც ეხმარებიან ქართველებს თავიანთი საზოგადოება გააუმჯობესონ. ეს კანონი, მაგალითისთვის, გააჩერებს იურიდიულ დახმარებას გაჭირვებული ქართველებისთვის. ეს კანონი გააჩერებს დამოუკიდებელი ცხოვრების ცენტრების მუშაობას, რომლების ლოკალურ მთავრობებთან თანამშრომლობაში შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანებს ეხმარებიან, რომლებსაც სახელმწიფო ვერ ეხმარება. ეს კანონი გააჩერებს სამედიცინო კვლევებს, რომლის თანადაფინანსება დონორებისა და ქართული უნივერსიტეტების მიერ ხდება. ეს კანონი ტურისტულ სააგენტოებს, ბიზნეს ასოციაციებს, ფერმერების ასოციაციებს, კლიმატის ცვლილებაზე და გარემოზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს გააჩერებს.

და ჩემი კითხვაა - სჭირდება კი საქართველოს ეს კანონი, როდესაც ისედაც არის საკმარისი გამჭვირვალობა და უკვე არის ღრმა თანამშრომლობა და კომუნიკაცია დონორებსა და მათ შორის, ვინც მუშაობენ ქართული საზოგადოების გაუმჯობესებაზე”, - განაცხადა დეგნანმა.

დღის ამბები