27 აპრილი 2024,   21:41
ვრცლად
როდესაც ეს ომი დასრულდება, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ისტორია აღარ განმეორდეს, არსებობს რუსული აგრესიის მოდელი: საქართველო 2008 წელს - იენს სტოლტენბერგი

უკრაინა გაიმარჯვებს, რადგან უკრაინელები უკან არ დაიხევენ - ამის შესახებ ურსულა ფონ დერ ლაიენმა ესტონეთის პრეზიდენტთან და ნატოს გენერალურ მდივანთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განცხადა.  

ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, უნდა გაიზარდოს თავდაცვის შესაძლებლობები და ზეწოლა რუსეთზე, ასევე დაეკისროს პასუხისმგებლობა ჩადენილ დანაშაულებზე. 

"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინის თავდაცვის საშუალებები, სანამ რუსები არ დაასრულებენ ამ ომს და არ დატოვებენ უკრაინას. სწორედ ამიტომ, ჩვენ მტკიცედ ვდგავართ უკრაინის გვერდით, ისე როგორც არასდროს, რათა მხარი დავუჭიროთ ფინანსურად, ეკონომიკურად და სამხედრო თვალსაზრისით. უნდა გავზარდოთ ჩვენი თავდაცვის შესაძლებლობები და ზეწოლა რუსეთზე, ასევე დავაკისროთ პასუხისმგებლობა ჩადენილ დანაშაულებზე," - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. 

ტალინში ესტონეთის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნად გამართულ შეხვედრაზე, იენს სტოლტენბერგმა რუსული აგრესიის მაგალითად 2008 წელს საქართველოში რუსი სამხედროების შეჭრა მოიყვანა.

"უკრაინა დგას, ნატო და ევროკავშირი კი უკრაინის გვერდით არის, თუმცა პუტინი არ თმობს თავის მიზნებს. მას სურს განსხვავებული ევროპა, სადაც რუსეთს შეუძლია უკარნახოს მეზობლებს რა გააკეთონ. ის არ ემზადება მშვიდობისთვის, არამედ უფრო მეტი ომისთვის. ამიტომ, ჩვენ უნდა მივცეთ უკრაინას ის, რაც მათ სჭირდებათ გამარჯვებისთვის. როდესაც ეს ომი დასრულდება, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ ისტორია აღარ განმეორდეს. არსებობს რუსული აგრესიის მოდელი: საქართველო 2008 წელს, აღმოსავლეთ დონბასი, ყირიმი 2014 წელს და შემდეგ სრულმასშტაბიანი ინტერვენცია გასულ წელს," - აცხადებს იენს სტოლტენბერგი.

ესტონეთის პრეზიდენტმა კი თავისუფალ სამყაროს, უკრაინის მეტი მხარდაჭერისკენ მოუწოდა.  

"უკრაინელები იბრძვიან თავისუფლებისთვის, რაც ჩვენ გვახსენებს იმას, რომ თავისუფლებას მოპოვება და მოფრთხილება სჭირდება. თავისუფლებას ასევე სჭირდება მეგობრები და პარტნიორები. უკრაინის ადგილი ევროკავშირშია, ომის დასრულების შემდეგ კი უკვე ნატოში. დღეს უკრაინელები გვაჩვენებენ უპრეცენდენტო სიმამამცეს და ერთგულებას საკუთარი სამშობლოს დაცვაში. თავისუფალმა სამყარომ კი ანალოგიური სიმამაცე და თავისუფლება ვაჩვენოთ," - განაცხადა ესტონეთის პრეზიდენტმა კაია კალასმა.   

დღის ამბები