17 მაისი 2024,   12:23
ვრცლად
"თავდასხმის საფრთხე რეალური გახდა" - გორში მკვლელობისთვის დაკავებულის ადვოკატი დანაშაულის დეტალებზე და მისი დაცვის ქვეშ მყოფის პოზიციაზე საუბრობს

გორში მკვლელობისთვის დაკავებული ავტო-ხელოსანი ბრალის წარდგენას ელოდება. ნიკა სიბაშვილს უკვე შეხვდა ადვოკატი. ის გორის დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

ადვოკატი, ნოდარ ცინცაძე "კურიერთან" საუბრისას ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი თავს იცავდა და მკვლელობის დეტალებზე საუბრობს. ადვოკატისვე თქმით, დაკავებული გამოძიებასთან  თანამშრომლობს.

"ეს ადამიანი, ბრალდებული მისული იყო თავის საამქროში, რა დროსაც იქ მივიდნენ გარდაცვლილი და დაშავებული პირი. ბრალდებულმა მათ უთხრა, რომ აღნიშნულ ტერიტორიას არ გაკარებოდნენ, ვინაიდან მათი არ ეშინოდა და გზა განაგრძო თავისი სიმამრის სოფლის მიმართულებით, ეს არის სოფელი ატენი. ამ დროს მას გამოეკიდნენ ეს ადამიანები, წინ გადაუყენეს მანქანა და იძულებული გახადეს გაეჩერებინა მანქანა, შემდეგ მოსთხოვეს მანქანიდან გადმოსვლა, რა დროსაც ბრალდებულზე თავდასხმის საფრთხე რეალური გახდა, ვინაიდან ეს ადამიანები წარსულში ნასამართლევები იყვნენ. წინა დღეებშიც ანალოგიური ხდებოდა. მიზეზი ამ ყველაფრის არ იყო ავტომობილის შეღებვა და მისი საფასურის გადაუხდელობა, ისინი დამატებით, ყოველთვიურად ითხოვდნენ თანხის გადახდას მატი უსდაფრთხოების დაცვის მიზნით," - ამბობს ადვოკატი. 

მომხდარ დანაშაულთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძემაც. მისი თქმით, გამოძიება გრძელდება. 

"არ ვისაუბრებ გამოძიების დეტალებზე, ვინაიდან ეს არის პროცესი, რომელიც მიმდინარეობს, რომელიც უნდა გაგრძელდეს და შეისწავლოს ყველა ის გარემოება, თუ რამე არსებობდა პროცესში და იყო გარკვეული გამომწვევი გარემოება ამ დანაშაულის. შსს აღნიშნულზე გაავრცელა განცხადება, დაკავებულია პირი, ცხელ კვალზე მოხვდა დანაშაულის გახსნა, თუმცა გამოძიება გრძელდება, ყველანაირი ვერსია, რაც გამოძიების ფარგლებში ვრცელდება, იქნება შესწავლილი," - განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ. 

მკვლელობა ავტო-სახელოსნოსთან გუშინ მოხდა, შემთხვევის დროს დაიჭრა კიდევ ერთი მამაკაცი, რომლის მდგომარეობაც მძიმეა

დღის ამბები