26 დეკემბერი 2024,   23:32
ვრცლად
როდესაც ჩაცხრება ემოციები, განვუმარტავთ მოსახლეობას რას გულისხმობდა ეს კანონპროექტი - ეკა სეფაშვილი

უმრავლესობამ ხალხის ძალის კანონპროექტი უკან გაიწვია. გავრცელდა "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს, "ხალხის ძალისა" და საპარლამენტო უმრავლესობის ერთობლივი განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მმართველმა ძალამ მიიღო გადაწყვეტილება უპირობოდ, ყოველგვარი დათქმის გარეშე გაიწვიოს კანონპროექტი.

აქვე ნათქვამია, რომ სიცრუის მანქანამ შეძლო საზოგადოების ნაწილის შეცდომაში შეყვანა, კანონპროექტს რუსული კანონის ყალბი იარლიყი მიაკერა და მისი პირველი მოსმენით მიღება ევროპული კურსიდან გადახვევად წარმოაჩინა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ მმართველი ძალა აპირებს საზოგადოებას უკეთ განუმარტოს, თუ რას ემსახურებოდა კანონპროექტი. ამისთვის დაიწყება შეხვედრები მოსახლეობასთან.

"გადაწყვეტილება კანონპროექტის უკან გაწვევის შესახებ მივიღეთ ერთობლივად, პოლიტსაბჭოს, "ქართული ოცნების" და უმრავლესობის წევრებთან კონსულტაციის შედეგად, რადგან ჩვენ თვალნათლივ დავრწმუნდით, რომ უსამართლოდ იქნა მიკერებული ამ კანოპროექტზე რუსული კანონის იარლიყი. ასევე კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღება წარმოაჩინეს როგორც ევროპული კურსიდან გადახვევა. ამ სიცრუის დიდმა მანქანამ შეძლო საზოგადოების გარკვეული ნაწილის ამაში დარწმუნება. აგრეთვე დავინახეთ გუშინდელ აქციებზე, რომ რადიკალურმა ოპოზიციამ მოახერხა ახალგაზრდობის გარკვეული ნაწილის ჩათრევა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში.

ჩვენ როგორც მმართველი გუნდის წარმომადგენლები და მთელი მმართველი გუნდი პასუხისმგებელი ვართ საზოგადოების თითოეული წევრის წინაშე. ასევე ჩვენი ძირითადი პრიორიტეტი არის მშვიდობა ქვეყანაში, სტაბილურობა, ეკონომიკური განვითარება, უსაფრთხოება და სწორედ ამ ფაქტორების გათვალისწინებით და მშვიდობის შენარჩუნებით, უნდა შევძლოთ ევროპისაკენ და ევროპულ ინტეგრაციაში ღირსეული სვლა.

აქედან გამომდინარე, ჩვენ არ შევწყვეტთ მოსახლეობის ინფორმირებულობას ამ კანონპროექტთან დაკავშირებით და როდესაც ჩაცხრება ემოციები ჩვენ აუცილებლად განვუმარტავთ მოსახლეობას რას გულისხმობდა ეს კანონპროექტი და რატომ არის გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი საზოგადოების თითოეული წევრისთვის," - აცხადებს პარლამენტის წევრი, საზოგადოებრივი მოძრაობის "ხალხის ძალა" წევრი ეკა სეფიაშვილი.

დღის ამბები