"ქართულ ოცნებაში" გამართულ ბრიფინგზე პარტიის თავმჯდომარემ გასული კვირის მოვლენებზე დეტალურად კიდევ ერთხელ ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ ე.წ. უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტმა ამოქმედების გარეშე იმაზე დიდი შედეგი მოიტანა, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო. მისი განცხადებით, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა, ვისი აგენტიც არ უნდა იყო.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, გასულ კვირას ევროპა არა მომიტინგეების, არამედ სპეცრამზმის მხარეს იდგა.
მისივე თქმით, ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჰუმანური სახე, რისი გამოხატულებაც იყო სწორედ კანონპროექტის გაწვევა იმ დროს, როდესაც სამართალდამცავ სტრუქტურებს "მოძალადე ოპოზიციური დაჯგუფებების მიმართ სრული ძალისმიერი და მორალური უპირატესობა ჰქონდა".
"კიდევ ერთხელ გვსურს შევაჯამოთ საქართველოში გასული კვირის განმავლობაში განვითარებული მოვლენები. კიდევ ერთხელ გვინდა აღვნიშნოთ, რომ კანონპროექტმა „უცხოელი აგენტების“ შესახებ ამოქმედების გარეშე მოიტანა იმაზე დიდი შედეგი, ვიდრე თუნდაც ამოქმედებით შეეძლო მოეტანა.
პირველ რიგში, ყველამ აღიარა, რომ აგენტობა სათაკილოა ვისი აგენტიც არ უნდა იყო, ჩრდილოეთის, დასავლეთის, სამხრეთის თუ აღმოსავლეთის. საზოგადოება ახლა უკვე ერთმანეთისგან უკეთ არჩევს უცხოელი გავლენის აგენტებს ხალხის გავლენის აგენტებისგან.
ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ის ორგანიზაციები, რომლებიც ცდილობენ ბაკურიანის გეგმის განხორციელებას, სცენიდან ითხოვდნენ მთავრობის გადადგომას, ცდილობენ ეკლესიის რეპუტაციის შერყევას, აწარმოებენ ლგბტ პროპაგანდას, უპირისპირდებიან ქვეყნის ენერგეტიკულ დამოუკიდებლობას და ა.შ., სინამდვილეში არა ქართველი ხალხის, არამედ უცხოური გავლენის აგენტები არიან.
გარდა ამისა, კანონპროექტი და მის გარშემო გაშლილი დისკუსია მომავალშიც ეფექტიანად აგვაცილებს თავიდან ბაკურიანის გეგმების განხორციელებას, ანუ ენჯეო-ების ჩართულობით ხელისუფლების გადატრიალებას.
შეგახსენებთ, რომ ენჯეო-ების მეშვეობით ჩვენს ქვეყანაში 2003 წელს უკვე შედგა რევოლუცია, რომელმაც საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, ავტორიტარიზმი, ადამიანების წამება, ბიზნესის რეკეტი, მედიის მიტაცება და ქვეყნის ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია მოუტანა.
ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ უცხოური გავლენის აგენტების ხელით „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში დაბრუნებას ჩვენ არასდროს დავუშვებთ.
კანონპროექტი, რომლის ერთადერთი მიზანი არასამთავრობო ორგანიზაციების გამჭვირვალობის უზრუნველყოფა იყო, ამოქმედების გარეშეც გახდა ნამდვილი აგენტების ლუსტრაციის უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტი.
გარდა ამისა, გასული კვირის განმავლობაში განვითარებულმა პროცესებმა კიდევ ერთხელ აჩვენა კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ გლობალური ომის პარტიის აგენტების ნამდვილი სახე.
ამ პროცესებმა კიდევ ერთხელ შეგვახსენა, რომ "ნაცმოძრაობა" უდრის ძალადობას. საზოგადოებას წინა ხელისუფლების პირობებშიც ახსოვს სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირება მაგალითები.
2012 წლამდე სპეცრაზმი ძალადობდა მომიტინგეებზე, ხოლო ახლა მომიტინგეები ძალადობდნენ სპეცრაზმზე. ამას აქვს ერთადერთი ლოგიკური ახსნა, 2012 წლამდე „ნაცმოძრაობა“ იდგა მოძალადე სპეცრაზმის უკან, ხოლო ახლა „ნაცმოძრაობა“ იდგა მოძალადე მომიტინგეების უკან.
იგივე ლოგიკით, 2012 წლამდე "ნაცმოძრაობის" მიერ მართული სპეცრაზმი ძალადობდა სახალხო დამცველზე, ახლა კი სახალხო დამცველზე "ნაცმოძრაობის" მიერ მართულმა მომიტინგეებმა იძალადეს.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ომბუდსმენზე თავდასხმა დღემდე არც ერთ დიპლომატს, ოპოზიციონერ პოლიტიკოსს, ან უცხოური გავლენის აგენტს არ დაუგმია.
ეს ყველაფერი შეგვახსენებს, რომ სადაც არის „ნაცმოძრაობა“ იქ არის ძალადობა, იქნება ეს ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში.
გასულ კვირაში სპეცრაზმისა და მომიტინგეების ურთიერთდაპირისპირებაში, ევროპა იყო არა მომიტინგეების, არამედ სპეცრაზმის მხარეს. კიდევ ერთხელ ვუხდით მადლობას თითოეულ პოლიციელს, სამართალდამცველს, შინაგან საქმეთა მინისტრს ვახტანგ გომელაურს.
ხელისუფლებამ გასულ კვირაში კიდევ ერთხელ აჩვენა თავისი ჰუმანური სახე. ამის კიდევ ერთი გამოხატულება იყო კანონპროექტის გაწვევა იმ დროს, როდესაც სამართალდამცავ სტრუქტურებს მოძალადე ოპოზიციური დაჯგუფებების მიმართ სრული ძალისმიერი და მორალური უპირატესობა ჰქონდა.
ხელისუფლებისა და „ნაცმოძრაობის“ ურთიერთდაპირისპირებაში კიდევ ერთხელ გათამაშდა კავკასიური ცარცის წრე, როდესაც ჩვენ დავინახეთ, რომ „ნაცმოძრაობა“ ბავშვს სასიკვდილოდ იმეტებდა, ხელისუფლებამ მყისიერად გაუშვა მას ხელი.
ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ რისკის ქვეშ ვერ დავაყენებდით ვერც ერთი ადამიანის, ვერც ერთი ახალგაზრდის ჯანმრთელობას და მითუმეტეს სიცოცხლეს იმ პირობებში, როდესაც რადიკალური ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი უმძიმესი პროვოკაციაც კი იყო მოსალოდნელი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.