პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველოს კურსი არის ევროპული მომავალი, ეს კონსტიტუციაში წერია და მისგან გადახვევას არავინ აპირებს. ეს განცხადება მამუკა მდინარაძემ ევროპარლამენტარების დებატების შეფასებისას გააკეთა.
"მძიმე მოსასმენია "ნაცმოძრაობის" ლობისტების, რამდენიმე ათეული ადამიანის საქართველოსთვის დამაზიანებელი განცხადებები, რომლებსაც ისინი 2012 წლის შემდეგ აკეთებენ. ერთი და იგივე სახელები და გვარები ლობირებენ საქართველოს დაზიანებას, ლობირებენ იმ პარტიას, რომელ პარტიასაც უნდა, საქართველოს ხელისუფლება რამენაირად გააშავოს და პრორუსის იარლიყი მიაწებოს ყველა გზით.
"ნაცმოძრაობა" და ის ადამიანები, რომლებიც დღეს მათ ნარატივს მხარს უჭერენ, "ნაცმოძრაობისა" და მათი ლობისტების მთავარ კომპლექსს ებრძვიან იმის შესახებ, რომ მათ თავის დროზე ჩაიდინეს ამ ქვეყნის ღალატი, გაყიდვა. ეს მდგომარეობდა შემდეგში: თავის დროზე, ომის დანაშაული დააბრალეს საკუთარ ქვეყანას და ჯარისკაცებს.
ამ ქვეყნის კურსი არის ევროპული მომავალი. ეს წერია კონსტიტუციაში, ჩვენ მიერ არის შეტანილი და ამის გადახვევას არათუ ვინმე აპირებს, ამის წინააღმდეგ მებრძოლის გამოაშკარავება იქნება ყოველთვის.
არაფერი შეიძლება იყოს იმაზე ცრუ ნარატივი, არაფერი შეიძლება იყოს იმაზე დიდი თავხედობა საქართველოს მიმართ, როგორც სააკაშვილის ამ სპეკულაციური და თაღლითური თემის დაკავშირება საქართველოს ევროპულ მომავალთან. არ შეიძლება სააკაშვილის კუჭზე გადიოდეს საქართველოს ევროპული მომავალი," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.