17 მაისი 2024,   14:39
ვრცლად
"მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრები სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შეხვდნენ

"მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრები სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორს შეხვდნენ. ერთსაათიანი შეხვედრის შემდეგ, ლევან სამუშია ახალგაზრდებს შინაგან საქმეთა და განათლების მინისტრებთან შუამდგომლობას დაჰპირდა. სტუდენტებს მათთან შეხვედრა სურთ.

"ეს არის ჩვეულებრივი ღონისძიება, რომელსაც ატარებს ხოლმე შინაგან საქმეთა სამინისტრო. აუცილებელია მომავალში, რომ აღნიშნული ღონისძიების ჩატარებისას შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უნივერსიტეტს შორის იყოს კომუნიკაცია. ასევე, სტუდენტებთან შეხვედრისას გამოიკვეთა, რომ არანაირი რაიმე ფორმის გადაცდენა ამ პროცედურისას არ მომხდარა. შევთანხმდით, რომ სამომავლოდ გარკვეული პროცედურული ნაწილი დაიხვეწება, რომ მომავალში ეს ყველაფერი გარკვეულწილად ჩარჩოებით მოხდეს," - განაცხადა თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ.

დღესვე თსუ-ს პირველი კორპუსის ეზოში აქცია გაიმართა, ამის შემდეგ მონაწილეებმა რექტორის კაბინეტთან გადაინაცვლეს. "მაისის სტუდენტური მოძრაობის" წევრებმა ერთი კვირის წინ ბაგების საერთო საცხოვრებელში პოლიციის შესვლა გააპროტესტეს, მათ უნივერსიტეტისგან პოზიციის დაფიქსირება მოითხოვეს.

"ჩვენმა რექტორმა მოისმინა ჩვენი პოზიცია, დააფიქსირა, რომ ის ნაწილობრივ მოგვყვება და დაგვაიმედა, რომ სამომავლოდ ასე არ განმეორდება და ამ ფაქტთან დაკავშირებითაც დააფიქსირებს საჯარო და მკაფიო პოზიციას. ის შეხვდება გარკვეულ პირებს, რომლებიც გაივლიან ამ საკითხს და სამომავლო პერსპექტივაში აღარ მოხდება მსგავსი რამ," - განაცხადა "მაისის სტუდენტური მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა.

დღის ამბები