25 აპრილი 2024,   14:02
ვრცლად
ქართული ანიმაციური ფილმი საერთაშორისო ჯილდოების მფლობელი - "ოჰ დედა დედა"  ნამუშევარმა ლონდონის ერთწუთიანი ფილმების ფესტივალზე ორი პრიზი მოიპოვა

ქართული ანიმაციური ფილმი საერთაშორისო ჯილდოების მფლობელია. ხათუნა ტატუაშვილის ანიმაციამ "ოჰ დედა, დედა" ლონდონის ერთწუთიანი ფილმების საერთაშორისო ფესტივალიდან ორი პრიზი ჩამოიტანა. ჟიურიმ მხოლოდ ერთ წუთიანი მასალა ნახა, ანიმაცია კი 12-წუთიანია და ქალისა და კატის ურთიერთობაზე მოგვითხრობს. ფილმის მთავარი თემა ჰიპერმზრუნველობის პრობლემაა. ფილმის მთავარი გმირი ქალი თავისი გადაჭარბებული ყურადღებისა და სიყვარულის გამო, კატას მარწუხებში აქცევს და რკინის აბჯარსაც კი ჩააცმევს. რა ბედი ეწევა ფისოს ამას ფილმის დასრულების შემდეგ ნახავს მაყურებელი. ფილმმა კინოცენტრის კონკურსში პირველი ადგილი მოიპოვა და უკვე წარმოებაშია. მზად მხოლოდ ერთი წუთის მასალაა, ფილმმა კი უკვე მოიპოვა საერთაშორისო ფესტივალის მოწონება და აღიარება.

კინოცენტის კონკურსის გამარჯვებულია კიდევ ერთი ანიმაცია ანა ჩუბინიძის ისტორია ლომზე, რომელსაც ძალიან დიდი, სხვებისგან გამორჩეული ფაფარი აქვს და საკუთარი ვარცხნილობა არ მოსწონს. 9 წუთიანი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციისთვის ფიგურები იძერწება, ესკიზები მუშავდება და "ლომის ახალი ფაფარი" ბავშვებისთვის იქმნება. ანიმაცია პატარა მაყურებელს მთავარ სათქმელს გადასცემს - შეიყვარონ და მოსწონდეთ საკუთარი თავი ისეთი, როგორებიც არიან. ეს ანა ჩუბინიძის მესამე საავტორო ფილმია - "ლომის ახალი ფაფარი" მიუზიკლია, რომელიც თოჯინური ტექნიკით იქმნება, რაც იმას ნიშნავს, რომ 1 წამის ანიმაციისთვის 24 ფოტო-კადრია საჭირო. სცენარმა და იდეამ ეროვნული კინოცენტრის მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსში გაიმარჯვა.

ანიმაციებს, რომლებიც ბავშვებისთვის და არა მხოლოდ მათთვის იქმნება, საზოგადოება მომავალ წელს ნახავს. მანამდე კი, დაუსრულებელ ნამუშევრებს ქართველი და უცხოელი მაყურებლის მხრიდან დადებითი გამოხმაურება უკვე აქვს.

დღის ამბები