25 აპრილი 2024,   20:12
ვრცლად
დაპირისპირება ენმ-ს ახალგაზრდულ ფრთაში - ცდილობს თუ არა ახალგაზრდული ორგანიზაციის მისთვის მისაღები პირებით დაკომპლექტებას ვანო მერაბიშვილი

"ნაციონალურ მოძრაობაში” დაპირისპირება, ამჯერად, პარტიის ახალგაზრდული ფრთის ორად გაყოფით გრძელდება. მელიას გუნდი ხაბეიშვილის ფრთას განსხვავებული აზრის დევნაში სდებს ბრალს. ამბობენ, რომ პარტიის მმართველი რგოლის შემდეგ, ახალგაზრდული ორგანიზაციის მხოლოდ მისთვის მისაღები პირებით დაკომპლექტება ვანო მერაბიშვილს სურს. ყოფილ ძალოვან მინისტრთან კავშირს და მისი ინტერესების გატარებას ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლები უარყოფენ და თანაპარტიელებს სიცრუეში ადანაშაულებენ. მელიას მხარდამჭერები კი ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობას იხსენებენ და ამბობენ, რომ შეკრება ყოფილი თავმჯდომარის გუნდის მონაწილეობის გარეშე ჩატარდა.

ნიკა მელიას გუნდისთვის პარტიაში განსხვავებული შეხედულების გამო ახალგაზრდების დაყოფა პოლიტიკური მავნებლობაა. ლევან ხაბეიშვილის ფრთისთვის ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები პერსონალური დამოკიდებულებებია და ამბობენ, რომ მსგავსი მიდგომა მხოლოდ განცხადებების ავტორებს აზიანებთ.

”ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების შემდეგ განხეთქილება ახლა უკვე პარტიის ახალგაზრდულ მოძრაობაში არ უკვირთ მმართველ პარტიაში. ”ქართულ ოცნებაში” ოპოზიციური პარტიის რღვევაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ეს კიდევ უფრო მკაფიოდ - პარტიის შიგნით ჯგუფებს შორის დაპირისპირების ფონზე გამოჩნდება.

”ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ფრთის ყრილობა გუშინ ჩატარდა. ორგანიზაციას ჯერ-ჯერობით თავმჯდომარე არ ჰყავს. სავარაუდოდ როგორც პარტიაში ასევე ახალგაზრდულ ორგანიზაციაშიც მთავარი კონკურენტები ისევ მელია ხაბეიშვილის ფლანგებიდან იქნებიან.

დღის ამბები