25 აპრილი 2024,   16:15
ვრცლად
პრიზი ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიისთვის ბრძოლისთვის - რა შეფასებები მოჰყვა სააკაშვილისთვის ნორვეგიელ კონსერვატორთა ჯილდოს გადაცემას

მიხეილ სააკაშვილისთვის ნორვეგიელ კონსერვატორთა პრიზის მინიჭება პრემიერ-მინისტრისთვის მიუღებელია. ყოფილ პრეზიდენტს, ჯილდო ადამიანის უფლებების, პოლიტიკური და ეკონომიკური თავისუფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების ხელშეწყობისთვის გადასცეს. ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, "მჩაგვრელი სისტემის შემქმნელისთვის", მსგავსი პრიზის მინიჭება, საზოგადოების დაცინვაა.

საქართველოს მთავრობის წევრების შეფასებით, მიხეილ სააკაშვილმა ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ის დანაშაულებრივი სისტემა შექმნა, რომლის მსხვერპლი უამრავი ადამიანი აღმოჩნდა. თეა წულუკიანის განცხადებით, სწორედ ამ ადამიანების და მათი ოჯახების წევრების შეურაცხყოფაა, ყოფილი პრეზიდენტისთვის პრიზის გადაცემა.

მიხეილ სააკაშვილის მიერ დაფუძნებულ პარტიაში ამბობენ, რომ მთელი მსოფლიო "ქართული ოცნების" გარდა, ყოფილი პრეზიდენტის დამსახურებებზე ამახვილებს ყურადღებას. ნორვეგიის კონსერვატიული პარტიის მიერ პრიზის მისთვის გადაცემა, მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელების შეფასებით, მათ ლიდერის კიდევ ერთი მსოფლიო აღიარებაა.

ამ მოსაზრებას არ იზიარებენ, "ნაციონალური მოძრაობის" კოლეგები ოპოზიციური ფლანგიდან. ოპოზიციონერი დეპუტატების განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში, ადამიანების უფლებრივი მდგომარეობის მხრივ სერიოზული დარღვევები იყო.

დემოკრატიული ღირებულებების დევალვაციის მცდელობაზე საუბრობენ მმართველ პარტიაში, რადგან ფიქრობენ, რომ ქართული საზოგადოების დაცინვის გარდა, სააკაშვილისთვის პრიზის გადაცემის გადაწყვეტილება, ზოგად დემოკრატიულ ფასეულობებს უქმნის საფრთხეს.

მიხეილ სააკაშვილისთვის პრიზის მინიჭებას ხვალ ნორვეგიის საელჩოსთან გააპროტესტებენ. ინიციატორი სულხან მოლაშვილის ძმაა.

შურ ლინდერბრეკეს სახელობის პრიზი, მიხეილ სააკაშვილის, 25 მარტს, ნორვეგიაში გადასცეს. პრიზის გადაცემის ცერემონიას ყოფილი პრეზიდენტის დედა გიული ალასანია და ვაჟი ნიკოლოზ სააკაშვილი დაესწრო. საქართველოში გაკეთებული შეფასებების შემდეგ დღის ბოლოს განცხადება გაავრცელა ნორვეგიის სამეფოს ელჩმაც. დიპლომატი ხაზს უსვამს, რომ პრიზი, რომელიც ყოფილმა პრეზიდენტმა მიიღო, ნორვეგიის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ გაიცემა და არ გამოხატავს ნორვეგიის მთავრობის პოზიციებს.

 

 

 

დღის ამბები