სააკაშვილის გათავისუფლების შტაბის ხელმძღვანელი კლინიკა "ვივამედის" წინააღმდეგ. გიორგი ჩალაძე გუშინ, "ღამის კურიერში" იმის დამტკიცებას ცდილობდა, რომ სტრასბურგში სარჩელი პატიმარ სააკაშვილის ადვოკატებს მხოლოდ იმიტომ ვერ შეაქვთ, რომ "ვივამედი" მათ ექს-პრეზიდენტის სამედიცინო ისტორიას არ აძლევს. ჩალაძის ბრალდებას პოლიტიკურ თოქ შოუშივე უპასუხა კლინიკის დირექტორმა. ზურაბ ჩხაიძის მტკიცებით ის საბუთი, რომელსაც სააკაშვილის ადვოკატები ითხოვენ, ერთი კვირის წინ იყო მზად. დღეს კი ამის დასტურად "ვივამედმა" პატიმრის სამედიცინო ისტორია მედიასაც აჩვენა.
უფრო მეტიც, "ვივამედის" კლინიკური დირექტორი ამბობს, რომ სააკაშვილის სამედიცინო ბარათით მისი გარემოცვა მოთხოვნის შემდეგ არ დაინტერესებულა. ეს მანიპულაციაა-ასე უპასუხებს უკვე დღეს ზურაბ ჩხაიძეს ბრალდების ავტორი გიორგი ჩალაძე. "ნაციონალური მოძრაობის" წევრს, საბუთის არსებობის მიუხედავად, პასუხი არ აქვს კითხვაზე, თუ როდის შეიტანენ ექს-პრეზიდენტის ადვოკატები სარჩელს სტრასბურგში.
სამედიცინო ისტორია, რომელსაც სააკაშვილის გარემოცვა სტრასბურგში წარსადგენი სარჩელის ერთ-ერთ მთავარ მტკიცებულებად მიიჩნევს, "ვივამედის" კლინიკიდან ადვოკატებს ჯერ კიდევ არ გაუტანიათ. ზურაბ ჩხაიძე ამტკიცებს, რომ სამედიცინო ბარათი კვირაზე მეტია მზად არის, მას მერე, რაც უფლებადამცველებმა მსჯავრდადებული პაციენტის 1 თვის ჯანმრთელობის ისტორია მოითხოვეს.
პაციენტის ისტორიის გასაჯაროება "ვივამედის" კლინიკამ ღამის კურიერის ეთერში, გიორგი ჩალაძის მიერ შეთავაზებული ექსპერიმენტის შემდეგ გადაწყვიტა.
კლინიკამ სააკაშვილის სამედიცინო ბარათი გაასაჯაროვა, თუმცა, ეს საჯაროობა დაგვიანებულია გიორგი ჩალაძისთვის. მისი თქმით დილით დოკუმენტის წარმოდგენა მისთვის მხოლოდ მანიპულაციაა. მიუხედავად იმისა, რომ სამედიცინო ისტორია, რომელსაც სააკაშვილის გარემოცვა სტრასბურგში წარსადგენად ითხოვდა მზად არის - როდის მიმართავს დაცვის მხარე ევროსასამართლოს ნაციონალურ მოძრაობაში კვლავ ვერ აკონკრეტებენ.
სამედიცინო ისტორია, კლინიკიდან მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებმა უნდა გამოიტანონ, სტრასბურგისთვის სარჩელს სწორედ ისინი ამზადებენ. მათ დღეს მედიასთან კომუნიკაცია არ ისურვეს, თუმცა, ცნობილია, რომ "ვივამედს" დაცვის მხარე ხვალ მიმართავს. პროცესების გაჭიანურებაზე საუბრობს გიული ალასანია. ყოფილი პრეზიდენტის დედა მიიჩნევს, რომ სარჩელი აქამდეც უნდა გაგზავნილიყო, თუმცა რატომ შეფერხდა მისთვის უცნობია.
სარჩელის გაჭიანურების საკუთარი ვერსია აქვს "ქართულ ოცნებას". მმართველ პარტიაში ფიქრობენ, რომ საქმეს სტრასბურგში პერსპექტივა არ აქვს და სააკაშვილი მხარე სწორედ ამ მიზეზით ცდილობს დროის გაწელვას.