20 მაისი 2024,   19:40
ვრცლად
სუდანში კვლავ რჩება საქართველოს 33 მოქალაქე - ისინი ავიაკომპანიების თანამშრომლები არიან

სუდანში ისევ რჩება საქართველოს 33 მოქალაქე - ისინი ავიაკომპანიების თანამშრომლები არიან. "ჯეო სქაის" და "მაი ვეის" წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მოხერხდა მათთვის საკვების და წყლის მიწოდება. პროცესში ჩართულია საგარეო საქმეთა სამინისტრო. ამ დროისთვის უცნობია, როდის იქნება შესაძლებელი საქართველოს მოქალაქეების გამოყვანა.

ქვეყანაში კი დაღუპულთა რაოდენობა 270-მდე გაიზარდა. არმიასა და გასამხედროებულ "სწრაფი მხარდაჭერის ძალებს" შორის დაპირისპირების შედეგად დაშავებულია 2 600-ზე მეტი ადამიანი. სუდანი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა.

"გუშინ საღამოს ჩვენს თანამშრომლებს მიაწოდეს რამდენიმე დღის მარაგი საკვები და წყალი. რაც შეეხება სროლებს, დღეს დილით მაინც ისმის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სროლები. ჩვენი თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან, მედგრად დგანან. ვთანამშრომლობთ საგარეო საქმეთა სამინისტროსთან და უახლეს ინფორმაციას ვიღებთ მათგან," - აცხადებს ავიაკომპანია "მაივეი ეარლაინსის" გენერალური დირექტორი რატი ბაკურაძე.

ქართული მხარე ჰუმანიტარული დერეფნის გახსნას ელოდება.

"იმედი გვაქვს დღის განმავლობაში შეთანხმდებიან მხარეები და როგორც კი საგარეო საქმეთა სამინისტროდან ჩვენ მივიღებთ დადასტურებას, რომ გამოცხადდა ცეცხლის შეწყვეტის თაობაზე შეთანხმება შედგა და უსაფრთხოების დერეფანი უზრუნველყოფილია, ჩვენ შეგვიძლია მაქსიმალურად უმოკლეს ვადებში დავიწყოთ ჩვენი თანამშრომლების ევაკუაცია," – აცხადებს ავიაკომპანია "ჯეო სქაის" გენერალური დირექტორი შალვა კიკნაძე.

სუდანის მცხოვრებლები ამბობენ, რომ 4 დღეს მოქალაქეები გარეთ ვერ გადიან, საკვების მარაგი კი ეწურებათ.

"4 დღეა გარეთ ვერ გავდივართ. ყველაფრის მარაგი იწურება. ეს შოკია. ვერავინ წარმოიდგენდა ეს თუ მოხდებოდა. ამისთვის მომზადებული არავინ იყო. პირველ დღეს, როცა ეს შეტაკებები დაიწყო, მეტნაკლებად ყველა ინფორმირებული ვიყავით თუ რა ხდებოდა ქვეყნაში. ახლა ინფორმაცია არ გვაქვს. არ ვიცით რამდენ ხანს გაგრძელდება ეს საშინელება," - აცხადებს სუდანის მცხოვრები ჰადილ მოჰამედი.

თეთრი სახლის პრესმდივანი კარინ ჟან-პიერი მიიჩნევს, რომ სუდანში მყოფმა აშშ-ს მოქალაქეებმა დამოუკიდებლად მიიღონ ზომები, რათა ამ რთულ ვითარებაში უსაფრთხოდ იყვნენ.

"ორივე მხარეს ნათლად განვუცხადეთ, რომ ნებისმიერი თავდასხმა ან მუქარა საფრთხეს წარმოადგენს ჩვენი დიპლომატებისთვის, ეს კი სრულიად მიუღებელია. აუცილებელია, რომ სუდანში მყოფმა აშშ-ის მოქალაქეებმა დამოუკიდებლად მიიღონ ზომები, რათა უსაფრთხოდ იყვნენ ამ რთულ ვითარებაში. ჩვენ ვურჩევთ აშშ-ს მოქალაქეებს დარჩნენ თავშესაფარში და დაუკავშირდნენ აშშ-ს საელჩოს, თუ მათ დახმარება სჭირდებათ. მათ ევაკუაციას არ ვგეგმავთ," - აცხადებს კარინ ჟან-პიერი.

ცნობისთვის, შეტაკებები არმიასა და სწრაფი მხარდაჭერის ძალებს (RSF) შორის სუდანში 15 აპრილიდან გრძელდება.

დღის ამბები