20 მაისი 2024,   23:48
ვრცლად
საქართველოს მოქალაქეები სუდანში ისევ ევაკუაციას ელოდებიან - ზავის ვადა კი რამდენიმე საათში იწურება


საქართველოს მოქალაქეები სუდანში ისევ ევაკუაციას ელოდებიან. საგარეო საქმეთა სამინისტრო საკითხზე მოლაპარაკებებს აწარმოებს. ზავის ვადა რამდენიმე საათში იწურება, ამიტომ სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

საფრანგეთის საელჩოდან ევაკუაციის დროს კოლონას ცეცხლი გაუხსნეს, რის გამოც ხალხის გამოყვანა ვერ განხორციელდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ საფრანგეთის 1 მოქალაქე დაშავდა. ევაკუაციის დროს ესროლეს ეგვიპტის მოქალაქესაც.

დაპირისპირებული მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. შეერთებულმა შტატებმა კი სუდანიდან ამერიკელი დიპლომატები და მათი ოჯახები უკვე გამოიყვანა. მათ ხართუმი ვერტმფრენებით დატოვეს. საკუთარი მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს ბელგიამ, ნიდერლანდებმა, იტალიამ, იაპონიამ და ესპანეთმა.

კონფლიქტის გამწვავების შემდეგ, დღეს პირველად გამოჩნდა გასამხედროებული დაჯგუფების "სწრაფი მხარდაჭერის ძალების" მეთაური. ვიდეო გადაღებულია ხართუმში და მას ში ჩანს, როგორ გადაადგილდება თავის სამხედროებთან ერთად მოჰამედ ჰამდან დაგალო, იგივე ჰემედტი. ბრძოლა სწორედ მასსა და სუდანის არმიის გენერალ აბდულ ფატაჰ ალ-ბუჰრანს შორის დაიწყო ძალაუფლების მოსაპოვებლად.

მსოფლიო მედია კი აქტიურად საუბრობს, რომ ეს არ არის სუდანის შიდა პოლიტიკური ბრძოლა და მთავარი დაპირისპირება ოქროს საბადოებს უკავშირდება.

ასევე, გავრცელებული ინფორმაციით, დაგალოს ზურგს გასამხედროებული რუსული დაჯგუფება "ვაგნერი" უმაგრებს. უფრო მეტიც, CNN წყაროზე დაყრდნობით წერ, რომ სუდანში კონფლიქტის გაღრმავებისთანავე ვაგნერის ჯგუფმა, დაგალოს სამხედროებს რაკეტები მიაწოდა, სუდანის არმიის წინააღმდეგ საბრძოლველად. თავად "ვაგნერის" მეთაურობა ამ ინფორმაციას უარყოფს. კონფლიქტის მეორე მხარეს მდგომ ალ-ბუჰრანს კი ამერიკის შეერთებულ შტატებთან აკავშირებენ, რადგან გასული წლი აგვისტოში ამერიკამ ელჩი გაგზავნა. ეს ბოლო 25 წლის განმავლობაში პირველად მოხდა.

ამ ეტაპზე შედეგი ასეთია - ორი გენერლის ბრძოლას მშვიდობიანი მოქალაქეები ეწირებიან. 1 კვირის განმავლობაში, ოფიციალურად 400-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და 3,500-ზე მეტი დაშავდა.

დღის ამბები