თბილისის მერიის პროგრამა "ისწავლე და დასაქმდი" გრძელდება. 2023 წელს, პროგრამას კიდევ ორი სასწავლებელი დაემატა. მათგან ერთ-ერთს - "სქილვილ აკადემიას" დღეს, დედაქალაქის მერი ესტუმრა და პროგრამის მონაწილე სტუდენტებს შეხვდა.
მიმდინარე წელს, "სქილვილ აკადემიაში" თბილისის მერიის პროგრამის ფარგლებში 400-ზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა.
"ჩვენ წამოვიწყეთ აღნიშნული პროგრამა იმის გათვალისწინებით, რომ გვინდა დავეხმაროთ ადამიანებს გადამზადებაში, დავეხმაროთ იმაში, რომ ისინი გახდნენ უფრო პროფესიონალები და რა თქმა უნდა, პარალელურად, ხელი შევუწყოთ მათ დასაქმებას, იმიტომ რომ სრული სურათი გვაქვს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოთხოვნები აქვს ბიზნესს, რა მიმართულებით ეძებს კვალიფიციურ კადრებს. ექვსი კოლეჯია ჩართული ამ გადამზადებაში სხვადასხვა მიმართულებით," - აცხადებს კახა კალაძე.