"არჩევნებზე წარმოუდგენლად პოზიტიური შედეგი დაიდო ჩვენთვის სუბიექტურადაც და მგონია, რომ ეს შედეგი ქვეყნისთვისაც კარგია,"- ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომელმაც რეგიონებში ჩატარებული არჩევნების შედეგები შეაფასა.
მდინარაძე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ 2021 წლის არჩევნებთან შედარებით "ქართული ოცნების" მხარდამჭერების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა, რასაც ადასტურებს რეგიონებში ჩატარებული ფაქტობრივად უკონკურენტო არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლის პროცენტული მაჩვენებელი.
მისივე თქმით, ეს არის იმ ფეიკზე პასუხი, რომელი ფეიკიც სამწუხაროდ IRI-მ შემოგვთავაზა.
"როდესაც საუბრობდნენ იმაზე რომ თურმე "ქართულ ოცნებას" 19 პროცენტია ჰქონია, ეს ფეიკი ხომ შემოგვთავაზა სამწუხაროდ საკმაოდ სერიოზულმა ორგანიზაციამ. ამ დროს, ყველაზე მაღალი აქტივობით რომ ჩატარებულიყო არჩევნები, "ქართული ოცნება" მინიმუმ 60 პროცენტს მიიღებდა. არ ყოფილა არც ერთი საარჩევნო ოლქი თუ უბანი, სადაც ძალიან მაღალი ზრდა არ ყოფილა ჩვენი შედეგების. წარმოიდგინეთ, ამომრჩეველი მიდის არჩევნებზე, სადაც "ქართული ოცნების" კანდიდატს არ ჰყავს კონკურენტი, მოტივაცია ხომ დაბალია მისვლის, ხომ ყველა ელოდებოდა რომ უფრო ცოტა ამომრჩეველი მივიდოდა იმიტომ, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი კანდიდატი იყო გამარჯვებული, უმოტივაციო არჩევნებშიც კი, ამომრჩევლების რაოდენობა, ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა, ზოგან 20, ზოგან 50 და ზოგან მეტი პროცენტითაც კი გაიზარდა. ეს არის ყველაფერზე პასუხი, ეს არის იმ ფეიკზე პასუხი, რომელი ფეიკიც სამწუხაროდ IRI-მ შემოგვთავაზა. ცუდია რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ ეს არის სიმართლე. უკვე ფაქტით დადასტურებული და ამ ფაქტს დაუპირისპირდა არჩევნები, სადაც 2021 წლის არჩევნებზე, გახსოვთ ალბათ რამხელა კონკურენცია იყო. რამდენი ხმაც მიიღო თითოეულ ოლქში თუ უბანში "ქართულმა ოცნებამ", ეს შედეგები ყველა შემთხვევაში პრაქტიკულად გააუმჯობესა. უფრო მეტი მხარდამჭერი მივიდა საარჩევნო უბნებთან უკონკურენტო არჩევნებში,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.