პოლიტიკური ბრალდებების კიდევ ერთი თემა პარლამენტში ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულება და ამ ფონზე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პოლიტიკა გახდა - ოპოზიციამ ხელისუფლება არასაკმარისი ნაბიჯების გადადგმაში დაადანაშაულა, რასაც უმრავლესობის მხრიდან საპასუხო ბრალდებები მოჰყვა.
მმართველი გუნდის განცხადებით, ოპოზიციის მთავარი მიზანია ქვეყანამ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ამისთვის ყველაფერს აკეთებს.
"დღეს ერთ-ერთი დიდი გამოწვევა საქართველოსთვის არის მცდარი აღქმები და მათთან გამკლავება. ამ აღქმების შექმნაში ყველა იღებთ მონაწილეობას, ვინც ყველა შესაძლო საშუალებით საკუთარ ქვეყანას ბრალს დებთ, რომ თითქოს უკრაინას სათანადოდ არ ვეხმარებით, ბრალს დებთ, რომ თითქოს "შავი ხვრელი" ვართ და ვითომ ვიქეცით რუსეთისთვის სანქციების თავის არიდების გზად. ამას აკეთებთ გაცნობიერებულად. მილიონებს ხარჯავთ, რათა მსოფლიო დააჯეროთ იმაში, რომ საქართველო არ არის სახელმწიფო, არ მუშაობს არცერთი შტო, არცერთი სახელმწიფო ინსტიტუტი, თურმე პოლიტპატიმრები გვყავს და მათ სახელმწიფო წამლავს და საერთოდ, მსოფლიო რუკაზე ტყუილად ვაცდენთ ადგილს. საკუთარი ქვეყნის ასე გამეტებასაც მოხერხება უნდა," - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა სესიაზე.