საკანონმდებლო ორგანოდან საკონსტიტუციო სასამართლოში - ოპოზიციას სარჩელზე მუშაობა უკვე დაწყებული აქვს. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ მათ კომისიის შექმნის შესაძლებლობა, კონსტიტუციის დარღვევით შეუზღუდა და ამას, მათი თქმით, სწორედ საკონსტიტუციო სასამართლოში დაამტკიცებენ.
"ქართულ ოცნებას" საკონსტიტუციო სასამართლოს მხრიდან ოპოზიციის სასარგებლო გადაწყვეტილების მოლოდინი არ აქვს. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათი ყველა ქმედება რეგლამენტისა და კონსტიტუციის შესაბამისი იყო.
საპარლამენტო ოპოზიციაში ამბობენ, რომ საგამოძიებო კომისიამ შექმნის გარეშეც, თავისი დანიშნულება შეასრულა, თუმცა, მათივე განმარტებით, ეს საკმარისი მაინც არ არის. ხელისუფლების ოპონენტები ფიქრობენ, რომ პარლამენტში ბრძოლის ყველა ბერკეტი უკვე ამოწურეს და უმრავლესობას ახლა სამართლებრივი გზით უნდა დაუპირისპირდნენ.
ოპოზიციის სარჩელთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს მოსამართლეთა კორპუსი, თუმცა, საგამოძიებო კომისიის შექმნის სურვილს ისინი სასამართლო სისტემის დისკრედიტაციის მცდელობად აღიქვამენ. დიმიტრი გვრიტიშვილმა დღეს თქვა, რომ ხელისუფლების ოპონენტებს აქვთ მცდელობა ამ ფორმით, მოსამართლეების ნაწილზე გავლენა მოახდინონ.
ევრო რეკომენდაციების შესრულების პროცესის ხელის შეშლა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაცია - მმართველი პარტია ოპოზიციის მხრიდან საგამოძიებო კომისიის შექმნის სურვილს სწორედ ამ მიზნებს უკავშირებს. სახელისუფლებო გუნდში დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ოპონენტებს კომისიას არ შეაქმნევინებენ.
საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი ოპოზიციამ დღის წესრიგში წინა სასესიო კვირას დააყენა, თუმცა, სამივე სხდომაზე კვორუმი ვერ შედგა, შესაბამისად არც კენჭისყრები ჩატარებულა. მიმდინარე სასესიო კვირას კი, საკითხო კენჭისყრის საკითხების ჩამონათვალშიც ვერ მოხვდა. სწორედ ეს ფაქტორი გახდა ოპოზიციისთვის საკონსტიტუციო სარჩელის მომზადების საფუძველი.