მმართველი გუნდი ფიქრობს, რომ ოპოზიციის მიერ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნა, მიზნად ისახავს ქართული და საერთაშორისო გამოძიებისთვის ხელის შეშლას. უმრავლესობაში ამბობენ, რომ მაშინ, როცა გამოძიება ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაშია, გარკვეულ პირებს სურთ, წინასწარ მოიპოვონ სრული წვდომა საგამოძიებო მასალებზე და მეორე მხრივ, ისრები სხვა მიმართულებით გადაიტანონ.
“საქართველოს პროკურატურამ მსოფლიოში ერთ-ერთმა პირველმა გაშიფრა ქოლცენტრების მუშაობის ანატომია და პასუხისგებაში მისცა ის ადამიანები, ვინც ამას ახორციელებდნენ. რატომ უნდათ ასეთ სიტუაციაში საგამოძიებო კომისიის შექმნა?! [ოპოზიციის] მთავარი მამოძრავებელი მგონი არის ის, რომ ერთი მხრივ, მოახდინონ გარკვეული ტორპედირება იმ საგამოძიებო პროცესის, რომელიც საქართველოს პროკურატურის და საერთაშორისო საგამოძიებო ორგანოების მიერ ხორციელდება და მეორე მხრივ, შესაძლო ფიგურანტების, რომლებიც მათ შორის ჟურნალისტური გამოძიების შედეგად იქნა გამოვლენილი, მოხდეს გარკლვეულწილად ან დაცვა, ან ისრების გადატანა, ან შესაძლოა მეტი ინფორმაციის მოპოვება, თუ რა მიმართულებით მიდის გამოძიება, მათ შორის საქართველოში გახმაურებული ახალი გვარების მიმართ." - აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე, რატი იონათამიშვილი ამბობს, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს სურს წინასწარ გაიგოს, რა სავარაუდო მტკიცებულებები და ეჭვები არსებობს მის წინააღმდეგ.
"ცხადია, ის არის შეშინებული და შესაბამისად, ცდილობს, მიიღოს ინფორმაცია, თუ რა დონეზე და რა მტკიცებულებით არის მისული საერთაშორისო გამოძიება მის კვალზე. ამიტომ უნდა სწორედ მას დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა საქართველოს პარლამენტში, რომ წვდომა ჰქონდეს ისეთ მასალებზე, მათ შორის, მოწმეებზე, საიდანაც ფიქრობს, რომ თავის დაძვრენის მეტი შესაძლებლობა ექნება.
დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის ლოგიკა, მაშინ, როდესაც საქართველოს პროკურატურა აქტიურად და ნაყოფიერად მუშაობს როგორც ევროპასთან, ასევე გერმანიის კოლეგა უწყებასთან, ცხადია, აუხსნელია," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.