15 ნოემბერი 2024,   08:41
ვრცლად
კონსერვატიული ღირებულებების მქონე პოლიტიკოსების მასშტაბურ ფორუმი ბუდაპეშტში -  ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას, ახალი გლობალური წესრიგისთვის  ფუნდამენტური ღირებულებების დაცვის აუცილებლობაზე ისაუბრა

კონსერვატიული ღირებულებების მქონე პოლიტიკოსების ყველაზე მასშტაბურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლა საქართველოს პრემიერმა ამ კონფერენციის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო. CPAC-ის ისტორია ამერიკის შეერთებული შტატებიდან იწყება და მასში მონაწილეობას პრეზიდენტის რანგში, სხვადასხვა დროს - რონალდ რეიგანი, ჯორჯ ბუში და დონალდ ტრამპიც იღებდნენ. კონფერენცია წელს უკვე მეორედ უნგრეთის დედაქალში გაიმართა.

წლევანდელ კონფერენციაზე მთავარი განსახილველი საკითხები ოჯახი, სარწმუნოება და ტრადიციული ღირებულებები იყო. ახალი გლობალური წესრიგისთვის რომ ფუნდამენტური ღირებულებების დაცვა აუცილებელი წინაპირობაა - ამაზე დღეს ბუდაპეშტში საქართველოს პრემიერმაც ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილმა ტრიბუნიდან განაცხადა, რომ ამ მიზნის მისაღწევად ერთიანობა გარდაუვალია, გაერთიანების საფუძველი კი უნივერსალური ფასეულობების დაცვაა. მთავრობის მეთაურმა აქცენტი გააკეთა, რომ საქართველო ტრადიციული, ქრისტიანული კულტურის ქვეყანაა და ოჯახისა და სარწმუნოების ფაქტორი მნიშვნელოვანია.

თითოეული მოქალაქის კონსტიტუციური უფლებების დასაცავად როგორც პრემიერმა განმარტა, მოქმედმა ხელისუფლებამ ანტიდისკრიმინაციული კანონი მიიღო. ტრადიციებთან ერთად პროგრესის აუცილებლობა და უმცირესობების უფლებების დაცვა, ირაკლი ღარიბაშვილის ღარიბაშვილის გამოსვლის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი აქცენტი იყო. მთავრობის მეთაურმა დასავლელ ლიდერებს ისიც შეახსენა, რომ საქართველო მულტირელიგიური და მულტიკულტურული თანაცხოვრების ქვეყანაა, საუკუნეების გამოცდილებით.

ირაკლი ღარიბაშვილს დარბაზში ტაში არაერთხელ დაუკრეს და ტაშითვე მიესალმნენ მის კონფერენციაში მონაწილეობას მაშინაც, როდესაც უნგრელმა კოლეგამ დარბაზში მსხდომთ კიდევ ერთხელ წარუდგინა საქართველოს პრემიერი.

უნგრეთის პრემიერმა კონსერვატიული ღირებულებების შენარჩუნების აუცილებლობაზე ისაუბრა და ყურადღება ლიბერალური გზავნილების საფარქვეშ არსებულ საფრთხეებზე გაამახვილა.

ლიბერალური პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლის მნიშვნელობა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევაზე ისაუბრეს კონსერვატიული ფორუმის სხვა გამომსვლელებმაც.

მთავარი გამოსვლების შემდეგ კონფერენცია პანელური დისკუსიებით გაგრძელდა. კონსერვატიული პოლიტიკური სამოქმედო კონფერენცია 1974 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში დაფუძნდა. მას შემდეგ CPAC-ი ყოველწლიურად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. სხვადასხვა დროს ევროპისა და შტატების გარდა, კონფერენცია იაპონიაში, ავსტრალიაში, ბრაზილიაში, ისრაელსა და მექსიკაშიც გაიმართა. წლევანდელი კონფერენციის სლოგანი "ძალა ერთობაშია" იყო.

 

 

 

დღის ამბები