არის თუ არა საგამოძიებო კომისიის შექმნა დავით კეზერაშვილის ინტერესში?! საკითხის ოპოზიციურ სპექტრში აფასებენ. მმართველი პარტიის ოპონენტები მიიჩნევენ, რომ ეს არის აბსურდული განცხადება და მსგავსი სქემის განხორციელება, ისე, რომ ამის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდეს ხელისუფლება, შეუძლებელია.
მმართველი გუნდისთვის კი საგამოძიებო კომისიის შექმნა მიუღებელია. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ გამოძიება ჯერ კიდევ მიმდინარეობს და პროცესში ხელის შეშლას არ დაუშვებენ.
""ქართულ ოცნებას" ისე გაუჭირდა აეხსნა უარი ე.წ ქოლცენტრებთან დაკავშირებულ საგამოძიებო კომისიაზე, რომ ახლა უკვე იმ ნარატივს იმეორებს, თითქოს კეზერაშვილის ინტერესებში ზის გახარიას პარტია და ამას სრულ მხარდაჭერას უცხადებს დანარჩენი ოპოზიცია. ეს არსი სასაცილო და აბსურდული განცხადება", - განაცხადა თეონა აქუბარდიამ.
პარლამენტის წევრის, პარტიის ”საქართველოსთვის” პოლიტიკური საბჭოს წევრის მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მათი მიზანია, გაარკვიონ ე.წ ქოლცენტრების საქმეში ხელისუფლების წარმომადგენლებიდან ვინმე ხომ არ მონაწილეობდა.
"წარმოუდგენელია მილიარდიანი სქემა ისე განახორციელო, რომ სახელმწიფო უწყებებიდან არავინ არაფერი იცოდეს, იცოდეს და თან არაფერს აკეთებდეს. წარმოუდგენელია, ამიტომ ლეგიტიმური კითხვა და ლეგიტიმური ეჭვი ჩნდება, შემთხვევით ვინმე ხომ არ მონაწილეობდა და ჩვენი მიზანია ამ ყველაფრის დადგენა", - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.