15 ნოემბერი 2024,   08:51
ვრცლად
საქართველოს ისტორიული შანსის მორიგი დადასტურება და ევროპისკენ გადადგმული ნაბიჯების აღიარება - ევროკავშირის ელჩმა, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს წარმატებული ნაბიჯების შესახებ ქართულ ენაზე ისაუბრა

ევროკავშირის ელჩმა, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს წარმატებული ნაბიჯების შესახებ ქართულ ენაზე ისაუბრა. პაველ ჰერჩინსკიმ "ევროპის დღისადმი" მიძღვნილ ღონისძიებაზე თქვა, რომ საქართველო ევროპის ნაწილია და ქვეყანას კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად, დღეს ისტორიული შანსი აქვს.

ევროკავშირის ელჩის მიმართვის შემდეგ, ტრიბუნა საქართველოს პრემიერმა დაიკავა. ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ ქვეყნის გაცხადებული მიზანი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობაა. ამისთვის კი, "ქართულმა ოცნებამ" არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.

სიტყვით გამოსვლის დროს, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა ისიც, რომ საქართველოს ევროპასთან და ევროპელ ხალხთან, ბევრი საერთო ღირებულება და ფასეულობები აკავშირებს. პრემიერი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ევროპელი მეგობრები სწორ გადაწყვეტილებას მიღებენ. მისივე განცხადებით, საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ევროპაში საკუთარი ტრადიციებით შევა.

"ევროპის დღეების" საზეიმო გახსნაზე, მთავრობის მეთაურთან ერთად, პარლამენტის თავმჯდომარე და დედაქალაქის მერი იმყოფებოდნენ. კახა კალაძემ სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივა უკვე ოფიციალურად აღიარებულია, რითაც ხელისუფლებისა და ხალხის ნება კიდევ უფრო გამყარდა. პირველი კანონმდებლის განცხადებით კი, ქართველი ხალხისთვის ევროკავშირისკენ სწრაფვა სიტყვებსა და ემოციებზე მეტია.

"ევროპის დღე" ოფიციალურად, საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში“ გაიხსნა. პრემიერ მინისტრმა პავილიონში წარმოდგენილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების სტენდები დაათვალიერა. საზეიმო ღონისძიებაზე, საქართველოსა და ევროკავშირის ჰიმნები შესრულდა.

დღის ამბები