საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხი აქტუალობას არ კარგავს. როდის მიმართავს საკონსტიტუციო სასამართლოს ოპოზიცია, ჯერჯერობით, უცნობია. ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბრძოლას განაგრძობენ და თუ ეს პარლამენტში წარუმატებლად დასრულდება, საჭირო დროს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავენ.
"ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები და შესაბამისად, შევარჩევთ ყველზე ხელსაყრელ დროს, რომ უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ სარჩელით, ხელმოწერილით, ყველა დეპუტატის მიერ არის მზადყოფნა, რომ შესაბამისი პროცედურა დაიწყოს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ისინი არ დაუჭერენ მხარს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რადგანაც მსგავსი კომისია საფრთხეს შეუქმნის სასამართლოს დამოუკიდებლობას.
"არ მგონია დიდი პერსპექტივა ჰქონდეს ამ კონსტიტუციურ სარჩელს. უბრალო მიზეზის გამო - საგამოძიებო ინსტრუმენტი, ანუ კონსტიტუციით და რეგლამენტით გათვალისწინებული მექანიზმი არ შეიძლება გამოიყენებოდეს კონსტიტუციის დებულების წინააღმდეგ," - თქვა მიხეილ სარჯველაძემ.
ავტორი : მაია გრიგოლია