15 ნოემბერი 2024,   09:03
ვრცლად
ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ საერთაშორისო თაღლითობით მოპოვებული ფულით კეზერაშვილი ცდილობდა საქართველოს პოლიტიკაში ჩარევას - არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე ე.წ. ქოლცენტრების საქმეს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამბის მთავარი მოქმედი პირი დავით კეზერაშვილია და მთავარი ის ფაქტია, რომ ის "რადიკალურ ოპოზიციას" აფინანსებს.

მისი შეფასებით, ეს ირიბად დაადასტურეს ლევან ხაბეიშვილმა და ნიკა მელიამ წინასაარჩევნო პერიოდში ურთიერთბრალდებისას.

"დავით არახამიას ოჯახზე მე ნამდვილად არ ვაპირებ საუბარს, ეს ჩვენთვის ღირსების საკითხია, თუმცა გამოძიება დაადგენს ყველა გარემოებას და გასცემს კითხვებს პასუხს. ამბის მთავარი მოქმედი პირი გახლავთ დავით კეზერაშვილი, რომელიც, მაღალი ალბათობით, უკანონოდ, თაღლითური სქემებით მოპოვებული ფულით აფინანსებს და აფინანსებდა საქართველოში რადიკალურ ოპოზიციას. ჩვენ მაშინაც ვთქვით, რომ აქ არის პოლიტიკური კორუფციის პირდაპირი ნიშნები, იმიტომ, რომ საარჩევნო კამპანიის დროს ხაბეიშვილი და მელია ერთმანეთს ადანაშაულებდნენ შესაბამისად, მათ ირიბად დაადასტურეს, რომ ასეთი არალეგალური და უკანონო დაფინანსება მართლაც მოდიოდა დავით კეზერაშვილის მხრიდან. ეს არის აქ მთავარი და ყველაზე საგანგაშო, რომ საერთაშორისო თაღლითობით და ორგანიზებული დანაშაულით მოპოვებული ფულით დავით კეზერაშვილი ცდილობდა საქართველოს პოლიტიკაში ჩარევას,"- აცხადებს არჩილ თალაკვაძე.

ე.წ. ქოლცენტრების საქმის გარეშემო ისევ ურთიერთბრალდებები ისმის. შეფასებები კეთდება გავრცელებული დოკუმენტების შესახებ, რომლის თანახმადაც ირკვევა, რომ აღმაშენებლის 75 ნომერში მდებარე დალუქული შენობა შპს "მისანს" ეკუთვნის, რომლის 25%-ს გიორგი ვაშაძის ძმა დავით ვაშაძე ფლობს. ამავე საბუთების მიხედვით, ვაშაძის კომპანიამ ფართი დავით არახამიას ძმის კომპანიას, შპს ,"ლაიონს შვიდი გრუპს" მიაქირავა. მხარეებმა ხელშეკრულება 13 აპრილს გააფორმეს. საქმეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური იძიებს.

დღის ამბები