თინა ხიდაშელი 2024 წლის არჩევნებისთვის გახარიასა და ხაზარაძის პარტიების გაერთიანებაზე საუბრობს.
მის ამ განცხადებას ოპოზიციაში არაერთგვაროვანი განმარტება მოჰყვა.
პარტიების ნაწილი დარწმუნებულია, რომ საარჩევნოდ ისინი 5%-იან ბარიერს გადალახავენ და ამისათვის სხვა პარტიასთან კოორდინაცია არ დასჭირდებათ:
"მნიშვნელოვან საკითხებზე კოორდინაციაში ვიქნებით ჩვენ სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან, მაგრამ ამ ეტაპზე "ლელო" არავისთან გაერთიანებას არ გეგმავს. შეუძლებელი იქნება გიორგი გახარიასთან რაიმე ტიპის თანამშრომლობა, თუ ის არ გასცემს იმ მძიმე პოლიტიკურ შეკითხვებზე პასუხს, რაც მის მიმართ არსებობს. დარწმუნებით ვამბობ, რომ 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვა "ლელოსთვის" არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს,"- აცხადებს პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი ირაკლი კუპრაძე.
პარტია "საქართველოში" კი ამბობენ, რომ გარკვეული პოლიტიკური ალიანსები, იმისათვის, რომ მათმა პარტიამ ბარიერი გადალახოს, მათთვის საჭირო არ არის.
"ნაციონალური მოძრაობაში" კი ჯერჯერობით ალიანსებთან დაკავშირებით განცხადებას ვერ აკეთებენ, პარტიის წევრები პოლიტიკური პროცესების განვითარებას დააკვირდებიან:
"წინასწარ ალიანსის შექმნასტან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ვერ გააკეთებს. ჩვენ უნდა დაველოდოთ თუ როგორ წარიმართება პოლიტიკური პროცესები და რამდენად ექნებათ სხვადასხვა პარტიებს გაერთიანების სურვილი,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქციის ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია” თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ლევან ბეჟაშვილი.