ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესის ცვლილებასთან დაკავშირებით, საკუთარი არგუმენტები აქვს "ქართულ ოცნებას". მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ აბსურდულია ის ნორმა, რომლის მიხედვითაც პარლამენტი ახლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას 6-თვის ვადით აკომპლექტებს.
საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, ცესკოს თავმჯდომარის და წევრების 6-თვიანი ვადით არჩევა უპრეცედენტო და აბსურდულია, რომლის მსგავსი პრაქტიკაც არც ერთ განვითარებულ ქვეყანაში არ არსებობს.
ამასთან, თუ მმართველი გუნდის ინიცირებული კანონპროექტი კანონის სახეს მიიღებს, ცესკოს ახალ თავმჯდომარეს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტის თავმჯდომარე წარადგენს.
"ოპოზიციამ საბოტაჟის მთელ კასკადი შექმნა, რომ ცესკო არ არსებობდეს და მუდმივად იყოს ამ მოულოდნელი ცვლილებების მოლოდინში. ადამიანები მუშაობენ, საგანგებო ვითარებაა და არჩევნებთან დაკავშირებით არის მიღებული გადაწყვეტილება, რომ ელექტრონულად ტარდება. წარმოიდგინეთ, რამხელა რეფორმა მოხდა ამ სისტემაში და ამ საბოტაჟის სცენარისტებს მოუნდათ თემის სხვა საკითხზე გადატანა," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ვოლსკი.
საკითხთან დაკავშირებით შეფასება გააკეთა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
"ორ წელიწად-ნახევარია, ჩვენ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს ვერ ვირჩევთ. გამომდინარე აქედან, ჩვენ რა თქმა უნდა, იძულებული გავხდით, რომ წავიდეთ იმ მიმართულებით, რათა მოხდეს ისეთი კანონმდებლობის შემოტანა, რომელიც არის პირველ რიგში სამართლიანი, სამართლებრივი თვალსაზრისით, რომელიც არის ფაქტობრივად, ერთადერთი აპრობირებული გზა მათ შორის, ევროკავშირის ქვეყნებში. შერჩევის პროცესშიც სრული გამჭვირვალობაა უზრუნველყოფილი ამ ცვლილებით და მათ შორის, პრეზიდენტის მონაწილეობა, როგორც ეს კონსტიტუციით არის განსაზღვრული," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.