ურთიერთბრალდებები "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" - შიდა პარტიული არჩევნების დაწყებამდე ექვსი რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარემ თანამდებობა დატოვა. ისინი მიმდინარე პროცესებს აპროტესტებენ და მიაჩნიათ, რომ შიდა არჩევნები პარტიაში მეტ დაძაბულობას შეიტანს. მათი ნაწილი ლევან ხაბეიშვილის გუნდის მხრიდან ზეწოლაზეც საუბრობს. მაგალითად, ხობის რაიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილი თავმჯდომარე ღიად ამბობს, რომ მას მენეჯმენტის სახელით მოუწოდეს საერთოდ არ მიეღო არჩევნებში მონაწილეობა.
"ეს არის სრულიად დამანგრეველი, მიზანმიმართულად პარტიის დაშლა და რატომ - დღეს, როდესაც მესამე პრეზიდენტი ტყვეობაშია, შიდა პარტიული დაპირისპირებები პირდაპირი მნიშვნელობით ანგრევს პარტიას. მე შევხვდი გოროზიას, მე იქ არ ვყოფილვარ მარტო, იქ იყვნენ ზუგდიდში საკრებულოს წარმომადგენლებიც. ზაზამ მითხრა პირდაპირ - რადგან მე ნიკა მელიას დავუჭირე მხარი, რადგან მე დღესაც ვაგრძელებ მათთან ურთიერთობას, რადგან მე კობა ნაყოფიასთან ვმეგობრობ, მისთვის ვარ მიუღებელი და არ მოიაზრებს ჩემს თავს და ვერ ხედავს ხობში რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ,"- აცხადებს "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ხობის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე ია ჯიშკარიანი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი თავმჯდომარე დავით ბასილაშვილი აცხადებს, რომ პარტიაში წინა პლანზე ისეთი ადამიანები წამოიწივნენ, ვისთანაც თანამშრომლობა არ სურს.
"ეს შიდა არჩევნები იყო ძალიან ზედმეტი. ახალი თავმჯდომარისგან არანაირი კომუნიკაცია იმას მოასწავებს, რომ მათ არ უნდათ ჩვენთან ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ვინც ვიყავით ნიკას მხარდამჭერები. დაეპატრონნენ თანამდებობებს. კარგად ვხედავთ, რომ არ არის წინსვლა, სამი თვეა თუ ასი თვეა გასული, ერთი წინსვლაც არ არის. წინა პლანზე ისეთმა ადამიანებმა წამოიწიეს, ისეთი ადამიანები წამოაყენეს, ვისთან ერთადაც მე ნამდვილად ვერ ვითანამშრომლებ,"- აცხადებს დავით ბასილაშვილი.
ბრალდებას იმის შესახებ, რომ ვინმე ნიკა მელიას მხარდამჭერის გამო დაბლოკეს, ტყუილი უწოდეს პარტიის ცენტრალურ ოფისში.
"დარწმუნებული ვარ, რომ მითითება არავისთან არ ყოფილა, რომ იმას არ დაეყენებინა კანდიდატურა. ძალიან ბევრი ტყუილი მოვისმინე მე ამ პერიოდის განმავლობაში. ის განცხადებები, რომელიც მოვისმინეთ მხოლოდ დასანანია ჩვენთვის, თუმცა გაუგებარი. პირიქით - ნებისმიერი გადაწყვეტილება არ უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ დაპირისპირება გამოიწვიოს და მათი მხრიდან მოხდეს რაიმეს გაღვივება. პირადად მე, გიორგი ბოტკოველს მქონდა აბსოლუტურად ყველა იმ თავმჯდომარესთან კომუნიკაცია.. ჩვენ ვისაუბრეთ იმაზე, რომ დასრულდა არჩევნები, არ ჰქონდა მნიშვნელობა ვინ ვის მისცა ხმა, ჩვენ ერთად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა, დღეს ამ მოცემულობით, ამ რეალობით, თუმცა არ ვიცი, დღეს თუ ამ განცხადებებს კიდევ აკეთებენ, ეს კიდევ უფრო მეტად დასანანია,"-აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია" თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ბოტკოველი.