ჩიხური მდგომარეობის გამო უმრავლესობამ ცესკოს თავმჯდომარე და წევრები 6 თვის ვადით უკვე 2 ჯერ აირჩია. მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ არსებული ნორმა აბსურდულია და მსგავსი სიტუაციიდან გამოსავალი კანონმდებლობით უნდა მოწესრიგდეს.
"ქართული ოცნების" წევრების თქმით, მოქმედი რეგულაციების ანალოგიური სამართლებრივი პრაქტიკა ევროკავშირის არცერთი ქვეყნის სტანდარტს არ შეესაბამება. გარდა ამისა, მიაჩნიათ, რომ არსებული წესი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების შესაძლებლობას იძლევა, ეს კი ხელს უშლის კვალიფიციური კადრების არჩევას. ამბობენ იმასაც, რომ დღევანდელი რეგულაციის გამო, ვერც სრულფასოვანი კონკურსი შედგა და პრეზიდენტის ადმინისტრაცია დღემდე ვერ ახერხებს ცესკოს წევრობის საკმარისი რაოდენობის კანდიდატების წარდგენას.
ახალი საკანონმდებლო ინიციატივით, პარლამენტს კანდიდატებს პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს, ნაცვლად პრეზიდენტისა, რომლის წარმომადგენლის კვოტაც საკონკურსო კომისიაში გათვალისწინებულია. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ფიქრობს, რომ ინიციირებული საკანონმდებლო პროექტი პრეზიდენტის უფლებებს ზღუდავს და ეწინააღმდეგება რეკომენდაციების შესრულებას.
ხელისუფლების ოპონენტები სალომე ზურაბიშვილს ვეტოს გამოყენებისკენ, ინიციატორებს კი ცვლილებების ვენეციის კომისიაში გაგზავნისკენ მოუწოდებენ. საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა ოპოზიციისთვის პრეზიდენტის უფლებების შეზღუდვასთან ერთად, ცესკოს დაქვემდებარების მცდელობას და სტატუსის მიღებისთვის ხელის შეშლას ნიშნავს.
პროექტის განმარტებით ბარათში კი წერია, რომ ცვლილებების ერთ-ერთი მიზანი სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად მუშაობაა, რაც თავის მხრივ, 12 რეკომენდაციის ნაწილია. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ კანონმდებლობაში არსებული ხარვეზების გამოსწორებას ოპოზიცია საკუთარი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე აკრიტიკებს. ქართული ოცნება პოლიტიკური პროცესების მიმართ საბოტაჟში პირიქით, ოპონენტებს ადანაშაულებს.
დეზინფორმაციის შემცველი განცხადებები და დისკრედიტაციის კამპანია უწოდეს ინიციირებულ კანონპროექტზე ოპოზიციის კრიტიკას თავად ცესკოში. ადმინისტრაციის პრესსპიკერის განცხადებით, მათ პარლამენტში მიმდინარე პროცესთან შეხება არ აქვთ. ცესკო პარტიებს მოუწოდებს, საარჩევნო პროცესი პოლიტიკური დღის წესრიგი გამო არ დააზიანონ.
საარჩევნო კოდექსსა და პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარის არჩევა 5 წლის ვადით კვალიფიციური უმრავლესობის ნაცვლად უბრალო უმრავლესობით ანუ 76 ხმით მოხდება. შესაბამისი კანონპროექტები ბიუროს უკვე წარედგინა.