ჩვენის ქვეყნის მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, ეს გადაწყვეტილება კი მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში, ხელს შეუწყობს მათ კავშირს სამშობლოსთან და გაუმარტივებს მათ ოჯახის წევრებსაც ჩვენს ქვეყანასთან კავშირს - ასე შეაფასა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილმა, პუტინის განკარგულება საქართველოსთან სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ.
მან ასევე განმარტა, რომ საქართველოში არ იოპერირებს არც ერთი ავიაკომპანია და არც ერთი ხომალდი, რომელიც სანქცირებული იქნება:
"2010 წლიდან რუსეთის ფედერაციასთან გვაქვს ცალმხრივად ამოქმედებული უვიზო რეჟიმი. მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ 2019 წელს, რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება და შეზღუდა საჰაერო მიმოსვლა რუსეთთან. დღეს ჩვენ ვნახეთ, რომ ასევე რუსეთის ფედერაციამ ცალმხრივად მიიღო გადაწყვეტილება და მოხსნა შეზღუდვა პირდაპირ ფრენებზე საქართველოსთან და ასევე მოხსნა სავიზო რეგულაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ჩვენი ქვეყნისთვის მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ჩვენი მოსახლეობა, მათი კეთილდღეობა და ყველაფერი ის, რაც ემსახურება მათ ეკონომიკურ გაძლიერებას. აქვე მნიშვნელოვანია იმის ხაზგასმაც, რომ ჩვენის ქვეყნის მილიონამდე მოქალაქე ცხოვრობს რუსეთში, ეს გადაწყვეტილება კი მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს მათ მოგზაურობას საქართველოში, ხელს შეუწყობს მათ კავშირს სამშობლოსთან და გაუმარტივებს მათ ოჯახის წევრებსაც ჩვენს ქვეყანასთან კავშირს.
რაც შეეხება პირდაპირ ფრენებს, განმვარტავთ, რომ დღევანდელი მონაცემებით, პირდაპირი ფრენები რუსეთის ფედერაციიდან ხორციელდება არაერთი მიმართულებით, საქართველოში არ იოპერირებს არც ერთი ავიაკომპანია და არც ერთი ხომალდი, რომელიც სანქცირებული იქნება. რაც შეეხება არასანქცირებულ ავიაკომპანიებს და ხომალდებს, მათ შეეძლებათ განახორციელონ პირდაპირი საჰაერო მიმოსვლა საქართველოს მიმართულებით,"- აცხადებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.
ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილების შესახებ, რომ საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას უვიზოდ 15 მაისიდან შეძლებენ, დღეს გახდა ცნობილი. ასევე, პუტინმა აკრძალვა მოხსნა რუსული ავიაკომპანიებისთვის საქართველოში ფრენებზე.