15 ნოემბერი 2024,   08:55
ვრცლად
რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტს სთავაზობენ პროექტს, რომელიც საქართველოში ბინადრობის ნებართვის არმქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებით უძრავი ქონების შეძენას აკრძალავს 

ოპოზიციონერი დეპუტატები რომან გოცირიძე და ხატია დეკანოიძე პარლამენტს სთავაზობენ პროექტს, რომელიც საქართველოში ბინადრობის ნებართვის არმქონე რუსეთის მოქალაქეებისთვის დროებით უძრავი ქონების შეძენას აკრძალავს.

ინიციატივის თანახმად, დროებითი რეგულაცია 2024 წლის 31 დეკემბრამდე იმოქმედებს, თუმცა შეზღუდვა მხოლოდ იმ პირებზე არ გავრცელდება, რომლებიც ქონებას მემკვიდრეობით მიიღებენ.

მათ მიერ მომზადებული პროექტის მიხედვით, რუსეთის მოქალაქეებს უძრავ ნივთზე ნასყიდობის ან ჩუქების ხელშეკრულებით საკუთრების უფლება უნდა შეუწყდეთ.

"მათ მიერ, შარშან, 9 თვის განმავლობაში და მიმდინარე წლის 4 თვის განმავლობაში, ნაყიდი არის 11 ათასი ბინა. ეს იმას ნიშნავს, რომ პროცესი თუ გაგრძელდა და არავინ იცის თუ როგორ გაგრძელდება მომავალში რუსეთში მოვლენები და გამოცხადდება თუ არა ხელახალი მობილიზაცია და ახალი ტალღა მოაწყდება თუ არა ქვეყანას, ეს იმას ნიშნავს, რომ კიდევ ურო გაძვირდება ქვეყანაში უძრავი ქონება," - აცხადებს პარლამენტის წევრი, რომან გოცირიძე.

პარლამენტის წევრი, ხატია დეკანოიძე ამბობს, რომ მსგავსი კანონმდებლობა ლიეტუვაში მიიღეს, როდესაც დაუწესეს შეზღუდვა რუსეთის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენაზე.

"თქვენ იცით, რომ რუსული კაპიტალის შემოდინება და რუსული ფულის შემოდინება საქართველოში და შემდეგში უკვე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულება ამ ფულზე, ეს არის ძალიან მოკლევადიანი ეფექტი და უსაფრთხოების თვალსაზრისით, არის ძალიან მძიმე," - აცხადებს ხატია დეკანოიძე.

ოპოზიციის ინიციატივა შეაფასა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა.

"ოპოზიციის და განსაკუთრებულად ამ მავნებელი ადამიანების მიერ დაინიცირებულ საქართველოს საერთაშორისო იქნება თუ რუსეთთან დაკავშირებულ ინიციატივებს, არ განვიხილავთ, იმიტომ რომ ის მიმართულია ქვეყნის გარკვეული პროვოკაციის წინაშე დაყენებისთვის. აქედან გამომდინარე, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი თუ არ ვიცი, ჩემი  დამოკიდებულებაა, რომ პროვოკაციულ ან რაიმე მავნებლურ იდეას ატარებს აღნიშნული ინიციატივაც," - აცხადებს ნინო წილოსანი.

დღის ამბები