"ქართული ოცნების" წევრმა მიხეილ სარჯველაძემ, რუსეთის მხრიდან საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ საუბრისას გაიხსენა, რომ როდესაც რუსეთმა თავის დროზე სავიზო რეჟიმი დააწესა, ამერიკელი და ევროპელი პარტნიორების მხრიდან ეს შეფასდა როგორც არაპროპორციული გადაწყვეტილება, რომელიც ჰუმანიტარული პრობლემების შექმნისკენ იყო მიმართული.
როგორც სარჯველაძემ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, "ქართულ ოცნებას" ამ გადაწყვეტილებით არავითარი პოლიტიკური სარგებელი არ მიუღია და ვინ ამაზე საუბრობს, ტყუის.
"თანამედროვე კონტექსტის გათვალისწინებით, ბუნებრივია, რომ შრეები, რისგანაც შედგება ეს გადაწყვეტილება, გაცილებით მრავალფეროვანია. პირველი, რაც უნდა ვთქვათ - მე ზუსტად მახსოვს, როდესაც ეს გადაწყვეტილება ცალმხრივად მიიღო რუსეთმა, იყო მოსაზრება როგორც ჩვენი ამერიკელი პარტნიორების, ისე ევროკავშირის მხრიდან, რომ ეს შექმნიდა ჰუმანიტარულ პრობლემებს, ეს იყონ არაპროპორციული, ისჯებოდნენ ამის გამო მოქალაქეები და ეს იყო არასწორი გადაწყვეტილება. რასაკვირველია, ეს ჰუმანიტარული პრობლემა, ცალკეული ადამიანების პრობლემა არსად არ დაკარგულა და დღესაც აქტუალურია.
დღესდღეობით რუსეთთან შეცვლილი კონტექსტი გვავალდებულებს, გარკვეული ფრთხილი ნაბიჯების გადადგმისა და ფრთხილად ყოფნის საჭიროებას, თუმცა მინდა დაგარწმუნოთ, რომ რუსეთთან მიმართებაში ფრთხილად ყოფნის საჭიროებას ეს გადაწყვეტილება არ განაპირობებს - გაცილებით მეტი სხვა ფაქტორია.
რა თქმა უნდა, დრო გვაჩვენებს იყო ეს პროვოკაციული, რამ განაპირობა ეს, ასევე, არ დაგვავიწყდეს, რომ რუსეთს თავად აქვს პრობლემები იგივე საერთაშორისო ურთიერთობებში, ეკონომიკური პრობლემებიც შეიძლება იყოს ნაგულისხმევი აქ და მისთვის საინტერესოა ნებისმიერი მიმართულებით ეძებოს მიმართულებები, მაგრამ რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია არის ის, რასაც დღეს ჩვენი ოპონენტები ცდილობენ, რამდენი შრეც არ უნდა ამოვიღოთ ამ მრავალპლასტიანი მოცემულობიდან, ვერსად ვერ ვნახავთ იქ ბრალეულობას საქართველოს ხელისუფლებისა, ეს წარმოუდგენელია.
როდესაც საუბრობენ ხელისუფლებისთვის გაკეთებულ საჩუქარზე, უნდა ახსნან მაშინ, რაში მდგომარეობს პოლიტიკური სარგებელი, რომელიც მიიღო მაგალითად "ქართულმა ოცნებამ" ამ გადაწყვეტილების შედეგად და ეს იქნება ნული და იქვე მივხვდებით, რომ გვატყუებს ის ხალხი, რომელიც გვეუბნება, რომ საჩუქარი მიიღო ხელისუფლებამ, ეს ტყუილია. ეს არაფერს არ მატებს, მაგრამ იმავდროულად, არაფერს არ აკლებს ხელისუფლებას, რომელსაც აქვს თავისი მკაფიოდ არჩეული პოზიცია მიმართულებებთან დაკავშირებით და აგრძელებს ამ მიმართულებებით მუშაობას და თუკი მისი მოქალაქისთვის რამე გამარტივდება ან რაიმე შეღავათი გაუჩნდება, ეს მხოლოდ და მხოლოდ კარგია,"- განაცხად მიხეილ სარჯველაძემ.