15 ნოემბერი 2024,   13:33
ვრცლად
იმედი გვაქვს, გამოჩნდება ევროპული ოჯახი, რომელთანაც ჩვენ ვიქნებით დაკავშირებული ორი ასპექტით - პოლიტიკური ლოიალობა და ღირებულებითი თავსებადობა - ირაკლი კობახიძე

ამოსავალი წერტილი, რა შემთხვევაში შეიძლება ვითანამშრომლოთ ჩვენ კონკრეტულ პოლიტიკურ ოჯახთან ევროპაში, არის ღირებულებითი თავსებადობა. ამ კუთხით, ჩვენ გვქონდა პრობლემები „ევროპის სოციალისტურ პარტიასთან“,  - ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

როგორც კობახიძემ აღნიშნა, „ევროპის სოციალისტურმა პარტიამ“  თანდათან შეიცვალა მიმართულება და ფსევდო-ლიბერალური პოლიტიკის გამტარებელი გახდა, გარდა ამისა, „ქართულ ოცნებას“  არასდროს მიუღია მხარდაჭერა აღნიშნული პარტიისგან იმის მიუხედავად, რომ ერთი პოლიტიკური ოჯახის წევრები არიან. შესაბამისად, მისი თქმით, მომავალში, ევროპულ პოლიტიკურ პარტიებთან გაერთიანებისთვის მმართველ პარტიას ორი კრიტერიუმი ექნება: პოლიტიკური ლოიალობა და ღირებულებითი თავსებადობა.

„ჩვენთვის მიუღებელია  ის ფსევდო-ლიბერალური მიმართულება, რომელიც დღეს უკვე  ერთგვარ წითელ ხაზად გასდევს „ევროპის სოციალისტური პარტიის“ საქმიანობას - ადრე ეს ასე არ იყო, თანდათანობით უფრო მეტად იკვეთებოდა. მეორე არის ლოიალობა: როდესაც შენ ხარ პოლიტიკური ოჯახის წევრი, ევროპული პოლიტიკური პარტიის წევრი, რა თქმა უნდა, მათგან ელოდები მხარდაჭერას. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ 2015 წლიდან ვართ ამ პოლიტიკური პარტიის წევრი, თუმცა, თქვენ თუ გაიხსენებთ რომელიმე ხმამაღალ განცხადებას?
გახსოვთ უამრავი განცხადება „ევროპის სახალხო პარტიის“ (EPP) მხრიდან. ისინი პირდაპირ კრიმინალებს უჭერენ მხარს, იმის გამო, რომ მართალია, ისინი კრიმინალები არიან, მაგრამ მათი პარტიის კრიმინალები არიან. ასეთ დროს, „ქართული ოცნება“  როდესაც არ იღებს არავითარ ხმამაღალ მხარდაჭერას „ევროპის სოციალისტური პარტიის“  მხრიდან, ეს ჩვენთვის მიუღებელია. ანუ, ორი კრიტერიუმი გვექნება: ერთ არის ღირებულებითი თავსებადობა და მეორე  - სათანადო პოლიტიკური ლოიალობა და მხარდაჭერა შესაბამისი ევროპული პარტიის მხრიდან, რაც სამწუხაროდ, „ევროპის სოციალისტური პარტიის“ შემთხვევაში არ გვქონდა. იმედი გვაქვს, გამოჩნდება ევროპული ოჯახი, რომელთანაც ჩვენ ვიქნებით დაკავშირებული ამ ორი ასპექტით: პოლიტიკური ლოიალობა და ღირებულებითი თავსებადობა.“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები