საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”გირჩი” წევრის ალექსანდრე რექვიაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" მიერ "ევროპის სოციალისტურ პარტიის" დატოვება, ტაქტიკური ამბავია.
მისი თქმით, "ქართული ოცნება" მომავალში ისეთ პარტიას შეუერთდება, რომელიც მათ უფრო მეტად დაუჭერს მხარს.
"მე არ მჯერა, რომ "ქართულ ოცნებას" რაიმე პოლიტიკური იდეოლოგია აქვს, უბრალოდ ტაქტიკური ამბავია, რომ ლობისტური რესურსია რომელ ჯგუფში ხარ გაერთიანებული. სოციალისტებისგან ვერ მიიღეს სათანადო მხარდაჭერა თუნდაც იმ რეზოლუციებში, რომელიც სააკაშვილს ეხებოდა და გადაწყვიტეს, რომ იქიდან გამოვლენ და სავარაუდოდ სხვა ჯგუფში გაერთიანდებიან, რომელიც მეტად დაეხმარება თავიანთ საქმიანობაში, ევროპარლამენტში თავისი პოზიციების დაცვაში", - განაცხადა ალექსანდრე რექვიაშვილმა.
პარლამენტის წევრის, პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” პოლიტიკური მდივნის სალომე სამადაშვილის განცხადებით, "ქართული ოცნება" მიხვდა, რომ "ევროპის სოციალისტური პარტიიდან" მათი გაგდება გარდაუვალი იყო და მათ თავისი ჭკუით მოვლენებს დაასწრეს.
"ცხადია, "ქართული ოცნება" მიხვდა, რომ მათი გაგდება გარდაუვალია ევროკავშირში საკუთარი წონით მეორე, ყველაზე დიდი პოლიტიკური ოჯახიდან და მათ, თავისი ჭკუით დაასწრეს მოვლენებს. ეს აჩვენებს, რომ საქართველო დიდი გამოწვევების წინაშეა ამ ხელისუფლების პირობებში, რადგან "ქართულ ოცნებას" მოკავშირე საერთოდ აღარ ჰყავს ქვეყნის გარეთ" - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.