სახელმწიფოსა და ხალხის ინტერესებს, ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის შეფასებით, ოპოზიცია ხელისუფლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნით აზიანებს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ მსგავსი ქმედებებით მათი ოპონენტები საფრთხეს უქმნიან კანდიდატის სტატუსის მიღებას.
სანქციების დაწესება ბრძოლის ერთ-ერთი მეთოდია ოპოზიციის ნაწილისთვის. "ლელოსა" და "სტრატეგია აღმაშენებელში" დღეს იმასაც კი ამბობენ, რომ დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებზე ისინი სწორედ ხელისუფლების დასანქცირების საკითხებზე მსჯელობენ. ოპოზიციის ეს ჯგუფი ფიქრობს, რომ მსგავსი ზეწოლა დასავლეთიდან მმართველი გუნდის წარმომადგენლებს ინდივიდუალურად უნდა შეეხოს. "ქართული ოცნების" ოპონენტები ამტკიცებენ, რომ ხელისუფლება დემოკრატიულ პრინციპებს ღალატობს და ამის ფასი უნდა გადაიხადოს.
ოპოზიციის ამ ნაწილისგან განსხვავებული პოზიცია აქვთ "გირჩსა" და გიორგი გახარიას პარტიაში. ამ ორ პოლიტიკურ ჯგუფში ამტკიცებენ, რომ თავად, დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრების დროს, არასდროს არც ქვეყნის და არც მისი ხელისუფლების წევრებისთვის სანქციების დაწესება არ მოუთხოვიათ. ფიქრობენ, რომ მსგავსი ქმედებები ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოსთვის საზიანოა.
ოპოზიციის ერთი ნაწილის სურვილი, დაუწესდეს ხელისუფლებას სანქციები - სიახლე არ არის მმართველი პარტიისთვის. სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ განცხადებებით მათმა ოპონენტებმა მხოლოდ საკუთარი მიზნები გამოააშკარავეს, რომელიც ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობას ემსახურება.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ხელისუფლების ოპონენტები მთავრობის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე საუბრობენ, თუმცა, საკითხი განსაკუთრებით აქტუალური შეერთებული შტატების მხრიდან ქართველი მოსამართლეებისთვის სავიზო რეჟიმის შეზღუდვის შემდეგ გახდა.
სალომე სამადაშვილი ღიად აცხადებს, რომ დასავლელ პარტნიორებთან შეხვედრებზე საქართველოს ხელისუფლებისთვის სანქციების დაწესების საკითხებს განიხილავს. ერთ-ერთ ეთერში გაკეთებული განცხადების შემდეგ, "ლელოს" წევრი უკვე "კურიერთან" საუბარში განმარტავს, რომ მმართველი ძალა ღალატობს დემოკრატიულ პრინციპებს და ასეთ დროს, დასავლეთისგან ზეწოლა განსაკუთრებით აუცილებელია. სალომე სამადაშვილის თქმით, ზეწოლის ერთ-ერთ მეთოდი სწორედ სანქციებია და ის, ინდივიდუალურად სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლებს უნდა დაუწესდეთ.
სალომე სამადაშვილის განცხადება ერთგვარი აღიარებაა მმართველი პარტიისთვის. სახელისუფლებო გუნდის თქმით, ამ პოზიციის გაჟღერებით, ლელომ ოპოზიციის გეგმები, რომ საქართველომ არ მიიღოს კანდიდატის სტატუსი და ქვეყანაში იყოს არეულობა, კიდევ ერთხელ გამოააშკარავა. ამ განცხადების საფუძველზე, "ქართული ოცნების" თქმით, დადასტურდა ისიც რომ ოპონენტები ქვეყნის საზიანოდ უკვე მრავალი წელია მუშაობენ.