სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ, ოპოზიცია ხელისუფლებას კიდევ უფრო მეტად აკრიტიკებს. ოპონენტების შეფასებით, სანქციების საკითხის წამოჭრაც უკვე სერიოზული გზავნილია, რომელიც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს.
პასუხად ხელისუფლება იმეორებს, რომ საქართველოში სანქცირებული თვითმფრინავები არ დაიშვება. "ქართული ოცნება" ყურადღებას ამახვილებს ჰუმანიტარულ მიმართულებაზე. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ პოზიტიურია გადაწყვეტილება, რომელიც მოქალაქეებს გადაადგილებას გაუმარტივებს.
როგორც დღეს შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში ითქვა, ქართული კომპანიები სანქცირების რისკის ქვეშ დადგებიან იმ შემთხვევაში, თუ მოემსახურებიან თვითმფრინავებს, რომლებზეც საერთაშორისო შეზღუდვები ვრცელდება.
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარის გიგა ბოკერიას თქმით, თუ საქმე საქართველოს წინააღმდეგ სანქციების გამოყენებაზე მიდგება, საზოგადოებამ შესაბამისი რეაქცია უნდა მოახდინოს.
"მათი განცხადებები, მათი განწყობა და ნაბიჯები, ყველაფერი ერთად უწყობს ხელს საქართველოს დასავლეთისგან იზოლაციას, დაუცველად მარტო დატოვებას რუსული საფრთხის წინაშე. ისეთი განცხადებები გააკეთეს, საქართველოში, თბილისის აეროპორტის სანქცირების საკითხი, რომ განიხილება ამ მავნებლობის პირდაპირი მტკიცებულებაა. თუ აქამდე საქმე მივიდა, ამას საზოგადოების რეაქცია უნდა მოჰყვეს და მე მგონია, რომ მოჰყვება", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
პარტიის ”ლელო საქართველოსთვის” საერთაშორისო მდივნის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, "ქართული ოცნების" ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს სანქციების საგანი გახდეს.
"ჩვენ აშშ ჯერ კიდევ თვეების წინ გვაფრთხილებდა, რომ თუ რუსეთთან აღდგებოდა ავია მიმოსვლა, ამას ექნებოდა უმძიმესი გავლენა ქართულ კომპანიებზე, საქართველოს შესაძლო დასანქცირების საგანი გახდება და ჩვენ ნაცვლად იმისა, რომ გვესმინა და ქართული პოლიტიკის ნაწილი გამხდარიყო, საქართველომ საპირისპირო ნაბიჯები გადადგა. "ქართული ოცნების" ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოს გახდეს სანქციების საგან", - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.